ლარი საქართველოში მიმოქცევაში 1995 წლიდანაა როგორც გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება.ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დიზაინს, შემადგენლობას თუ სხვა მახასიათებლებს ეროვნული ბანკის საბჭო განსაზღვრავს და ამტკიცებს.
შესაძლებელია, ბევრმა არ იცოდეს რომ საქართველოს ეროვნული ვალუტა ჩვენს ქვეყანაში სულაც არ იბეჭდება. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ლარის ბანკნოტების დასამზადებლად პარტნიორი საწარმოს შერჩევა ხდება დახურული ტენდერის გზით, სადაც მონაწილეობენ სებ-ის საბჭოს ნუსხით განსაზღვრული ევრობანკნოტების ან მონეტების და მსოფლიოს სხვა წამყვანი განვითარებული ქვეყნების ფულის ნიშნების დამამზადებელი საწარმოები,რომელთაც აქვთ ფულის ნიშნების დამზადების სათანადო გამოცდილება, მყარი ფინანსური მდგომარეობა და დადებითი რეპუტაცია. ამდენად, მათი დამზადება პერიოდულად ხორციელდება ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საწარმოებში.
"ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ტენდერში მონაწილე საწარმოებს მოეთხოვებათ წარმოადგინონ დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ საწარმოს ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის ნორმები შესაბამება ევროპის ცენტრალური ბანკის ან სხვა შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ დადგენილ ნორმებს, რომელიც აპრობირებული და აღიარებულია საერთაშორისო ბეჭდვის ინდუსტრიაში", -აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.
რა უჯდება ეროვნულ ბანკს ლარის ბეჭდვა?
სებ-ის მიერ Allnews.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 5 წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტის ბეჭდვის საშუალო წლიურმა ხარჯმა 5.5 მლნ ლარი შეადგინა.
"ეროვნული ვალუტის ფულის ნიშნების დამზადების პერიოდულობა და შესაბამისად, ეროვნული ვალუტის ბეჭდვის ხარჯიც განსხვავებულია, ვინაიდან მათი დამზადება ხორციელდება მიმოქცევის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ცალკეული ნომინალის მარაგის შევსების საჭიროების დადგომისას", - აცხადებენ ეროვნულ ბანკში. განაგრძეთ კითხვა