დიდი ალბათობით, მოსახლეობას გაზის გადასახადი გაუძვირდება.სავარაუდოდ, ტარიფი 6 წლის წინანდელ ნიშნულს დაუბრუნდება და 1 კბ/მ 50 თეთრი გახდება. ლარი უკვე ისეთ ზღვარზეა, როცა გადასახადის შენარჩუნებაზე საუბარი თითქმის შეუძლებელია. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სემეკში ამ ეტაპისთვის შესულია განცხადება ბუნებრივი აირის ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით. მარეგულირებელი კომისია მოსალოდნელ გაძვირებას არ ადასტურებს, მაგრამ არც გამორიცხავს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრ დავით ნარმანიას თქმით, სემეკი განიხილავს კომპანიების განაცხადს ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით. რაც შეეხება დენისა და წყლის საფასურს, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
„ამ ეტაპზე ჩვენთან შემოსულია წინადადებები მხოლოდ გაზის ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით. ესეც არის გეგმური, ვინაიდან დადგენილი ტარიფები მოქმედებს ამ წლის ბოლომდე, შესაბამისად, სემეკმა წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით უნდა განიხილოს, თუმცა ეს დაკავშირებული არ არის კურსის ცვალებადობასთან", - აცხადებს ნარმანია.
სატარიფო ცვლილებასთან დაკავშირებით სემეკში წინასწარ არ საუბრობენ. თუმცა, როგორც სემეკის კიდევ ერთი წევრი გოჩა შონია „რეზონანსთან" ამბობს, ტარიფში ლარის კურსი, სხვა კომპონენტებთან ერთად, გათვალისწინებული იქნება.
„ტენდენცია ჯერ არ ჩანს და გადასახადის გაძვირების თემაზე საუბარი ნაადრევია. დეპარტამენტი ახლა გადის ხარჯების აუდიტს და დეტალურად ყველა ხარჯს აჯამებს. ეს არის გეგმური გადახედვა. მოქმედ ტარიფს ვადა გასდის 31 დეკემბერს, ამიტომ უნდა მოხდეს ამ განაცხადების განხილვა. ეს არ არის მხოლოდ სამომხმარებლო ტარიფი, საკმაოდ კომპლექსური თემაა, რომელიც ეხება მიწოდების ნაწილს, ტრანსპორტირებისა და განაწილების ტარიფებს, დიდი სამუშაოა გასაწევი.
ცხადია, კურსი თავისთავად მოქმედებს გაზის სექტორზე, რადგან ბუნებრივი აირის შესყიდვა ხდება უცხოურ ვალუტაში. აქედან გამომდინარე, კურსს გარკვეული ზეგავლენა აქვს. შესაძლოა, მიწოდების ნაწილში ტარიფი გაძვირდეს, მაგრამ განაწილების კომპლექსში შემცირდეს, არაფერი არ არის გამორიცხული. ცხადია, ინვესტიციების ხარჯიც იქნება გათვალისწინებული, მაგრამ როგორ შეიცვლება ტარიფი, ამაზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით", - ამბობს გოჩა შონია.
სპეციალისტები არ მალავენ, რომ გაზის გადასახადის გაძვირებას ელოდებიან. როგორც ენერგეტიკოსი გია არაბიძე აღნიშნავს, ლარის კურსი 2,80-იან ნიშნულს უახლოვდება, რაც გადასახადის შენარჩუნების შანსს არ ტოვებს.
„ლარი საბედისწერო ზღვარზეა. ასე თუ გაგრძელდა და ყოველდღე თითო პუნქტით გაუფასურდება ლარი, ბუნებრივია, რომ ტარიფის დაჭერა გაგვიჭირდება. ძველი ტარიფი ჩვენ დავგეგმეთ 2,50-ზე, ახლა 2,70-ზეა საუბარი, რაც გადასახადის გაძვირების ალბათობას ზრდის. წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდება, თუკი კურსი 2,80-ს გადააჭარბებს, რაც, ფაქტობრივად, ტარიფის შენარჩუნების შანსს არ ტოვებს.
ტენდენცია საკმაოდ დამაფიქრებელია, ცხადია, რომ პრობლემა შეგვექმნება. მით უმეტეს, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტარიფში მარტო კურსი არ არის, ყველა პრობლემა წარმოიშვება როგორც გატარების, ისე შესყიდვის თვალსაზრისითაც. თუმცა, კურსიდან გამომდინარე, შესყიდვის კომპონენტში მაინც მეტი პრობლემაა.
ჩემი აზრით, ჩადებული ინვესტიციების ამოღების საკითხი არ იქნება, რომ ტარიფი ამ მხრივ დაიტვირთოს, ახლა ეს საკითხი არ დადგება. ცვლილება ზრდისკენ იქნება მიმართული, მაგრამ 1 კბ/მ-ის ფასი 50 თეთრს არ უნდა გასცდეს. ჩვენთვის ყველაზე მთავარი სავალუტო კრიზისია, რის გავლენასაც გაზის ტარიფი ვერ გაექცევა", - ამბობს „რეზონანსთან" არაბიძე.
პრობლემაა ბუნებრივი აირის დანაკარგიც. ამ მხრივ დიდი სამუშაოა გასაწევი. დანაკარგის შესამცირებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამომხმარებლო ქსელის რეაბილიტაცია, რაც ტარიფზე სამომავლოდ აისახება.
„ბუნებრივი აირის დანაკარგს 3-5%-მდე თუ ჩამოიყვანენ, ეს მოითხოვს დიდ ხარჯს. ბევრი ფულია ჩასადები, რომ ამ კუთხით ვითარება მოგვარდეს. ფაქტია, რომ ქსელი მოსაწესრიგებელია.
ცოტა ადრე ჩვენ ვსაუბრობდით, რომ „ყაზტრანსგაზმა" 3%-მდე შეიძლება შეამციროს დანაკარგი, მაგრამ რეალური მონაცემი 10%-ზე მეტია. ცვლილებას ველოდები გადასახადთან დაკავშირებით და ამას ზამთარში მოსახლეობა საკმაოდ მტკივნეულად გადაიტანს", - დასძენს ენერგეტიკოსი.
გია არაბიძე ვერც იმ ფაქტს უარყოფს, რომ გაზის ტარიფის გაძვირება სოციალური ფონის გაუარესებას გამოიწვევს.
"საქართველოს მოსახლეობისთვის გადასახადის ზრდა მსუბუქი ტვირთი ნამდვილად არ არის. ვერ ვიტყვი, რომ ამ პროცესს სოციალური უკმაყოფილება მოჰყვება, თუმცა სოციალური ფონი კიდევ უფრო გაუარესდება და ამას ყველა იგრძნობს", - აღნიშნა „რეზონანსთან" არაბიძემ.
მარი ჩიტაია
გაზეთი „რეზონანსი"