„საქართველოს ბარაქა ერთ სივრცეში“ - ოჯახური გარემო, რომელიც „ჩირჩხელამ“ საკუთარ კაფე-შოპში შექმნა

ქართული ხილისა და ბოსტნეულის ჩირი, ჩურჩხელები, ქართული კერძები და მეგობარი მეწარმეების მიერ შექმნილი ადგილობრივი პროდუქცია ერთად, ანუ - „საქართველოს ბარაქა ერთ სივრცეში“.ამ ყველაფერს კომპანია „ჩირჩხელამ“ თავი საკუთარ კაფე-შოპში მოუყარა, სადაც ტურისტებს თბილისური, მყუდრო, საოჯახო გარემო ხვდებათ.

„ჩირჩხელა“ სულ რაღაც 2 წელია არსებობს, თუმცა უკვე განვითარების მრავალი ეტაპი გაიარა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გური სალუქვაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, თავიდან იყო საკუთარი ოჯახის ინტელექტუალურ-მატერიალური რესურსით დაფუძნებული ჩირის ე.წ ბუტიკი, რომელმაც ტურისტებში ისეთი დიდი პოპულარობა მოიპოვა, რომ ახლა უკვე მათ სხვა მისამართზე, საკუთარ კაფე-შოპში მასპინძლობს.

„ყველაფერი დაიწყო 2 წლის წინ, თუმცა მოგვიანებით, განვითარების ეტაპებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მიმართულებები შეიძინა. დავიწყეთ ქართული ხილისა და ბოსტნეულის ჩირის წარმოებით, რომელსაც სპეციალურად ვბრენდავდით და რეალიზაციას ისე ვახდენდით. ეტაპობრივად დავიწყეთ გაფართოვება. პირველი ლოკაცია გვქონდა ვაკეში, გავაკეთეთ ჩირის ე.წ ბუტიკი, მაგრამ მოგვიანებით, გარდა ხილისა და ბოსტნეულის ჩირისა, წარმოებაში შემოვიტანეთ ჩურჩხელა. კომპანიის დასახელებაც სწორედ აქედან მომდინარეობს - „ჩირჩხელა“.

პროდუქციის მოთხოვნიდან გამომდინარე, წელიწადნახევრის წინ გადავწყვიტეთ, რომ ტურისტულ ლოკაციაზე, მთაწმინდაზე, ბესიკის # 17-ში გაგვეხსნა ჩვენი ბრენდირებული მაღაზია შოპი. სადაც, გარდა ჩვენი ქართული პროდუქციის მრავალფეროვნებისა (რომელშიც არაქართული - ანანანასის და ბანანის ჩირიც შედის), განგვეთავსებინა ჩვენი მეგობარი მცირე მეწარმეების პროდუქციაც, დაწყებული თაფლითა და გირჩის მურაბით, დასრულებული სუნელებით. ამიტომ, სლოგანიც შევარჩიეთ შესაბამისი - „საქართველოს ბარაქა ერთ სივრცეში“,-აღნიშნავს გური სალუქვაძე.

bpn

მოგვინებით მაღაზია შოპმა კიდევ ერთი მიმართულება შეიძინა და კვების ობიექტი დაემატა, სადაც ტურიტებს შეუძიათ ქართული კერძები დააგემოვნონ და დამზადებაში თავადაც მიიღონ მონაწილეობა.

„ჩვენი მიზანი იყო, რომ შეგვექმნა ოჯახური, ძალიან თბილი გარემო, ამიტომ დავამატეთ ქართული კვებაც, შესაბამისად, მაღაზია შოპთან ერთად, დაერქვა კაფე შოპი, სადაც ტურისტებს ქართული კერძებითაც ვუმასპინძლდებით. ობიექტის დეკორაციაც შესაბამისია, თბილისური, ოჯახური გარემო, სადაც სტუმრები ისე გრძნობენ თავს, როგორც საკუთარ სახლში. ჩვენს კაფეში მომხმარებლებს შეუძლიათ თავისი ხელითაც დაამზადონ სხვადასხვა საკვები, მაგალითად, შეწვან მწვადები ბუხარში, ამოავლონ ჩურჩხელა, გამოაცხონ ხაჭაპური და ა.შ.“,- ამბობს გური სალუქვაძე.

კომპანია ამ ეტაპზე ჩირის დაახლოებით, 30-მდე სახეობას აწარმოებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, პროდუქცია გათვლილია რამდენიმე ტიპის სეგმენტზე, თუმცა ძირითად ნაწილს მაინც ტურისტები შეადგენენ.

„გარდა კეფე-შოპისა, ჩვენი პროდუქცია განთავსებულია სხვადასხვა ღვინისა და ქართული პროდუქციის მაღაზიებში. ამ ეტაპზე, ჩვენი პროდუქცია უფრო ტურისტულ სეგმენტზეა გათვლილი. გარდა ამისა, გვყავს მომხმარებლები, რომლებიც ჩირს ჯანმრთელობის პროფილაქტიკის მიზნით მოიხმარენ. მაგალითად, სპორტსმენები და ა.შ. პროდუქციით ინტერესდებიან დელეგაციებიც, რომლებსაც ჩვენი სასაჩუქრე შეფუთვები მიაქვთ სხვადასხვა ქვეყანაში, როგორც ქართული ნაწარმი“,- ამბობს გური სალუქვაძე.

მისი თქმით, კომპანიის გეგმებშია ექსპორტზე გასვლაც, პროდუქციას მიღწვევები აქვს სხვადასხვა ქვეყნებიდან, თუმცა, როგორც გური სალუქვაძე აღნიშნავს, მოთხოვნა დიდია, მიწოდება კი ნაკლები, შესაბამისად, ამ ეტაპზე უცხოეთში გასვლას არ ჩქარობს.

„ბაზარზე შემოსვლისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი გავაკეთეთ შეფუთვაზე, ამიტომ, მალევე მოვიპოვეთ ნდობა როგორც ქართველ მომხმარებლებში, ასევე იმ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ვინც უზრუნველყოფს ექსპორტზე გასვლას, მაგალითად, სხვადასხვა აგენტების მოძიებას და აშ. თავიდანვე გვქონდა გათვლა, რომ ექსპორტზე გავსულიყავით, გაგზავნილი გვაქვს პროდუქცია სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ჩინეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. მოწვევა გვაქვს აშშ-დანაც, თუმცა, ჯერჯერობით პროდუქციის იმ რაოდენობას არ ვაწარმოებთ, რომ წლიდან წლამდე უწყვეტი მიწოდება განვახორციელოთ. შესაბამისად, ექსპორტზე ჯერ ვერ გავედით“,-აცხადებს გური სალუქვაძე.

bpn

მისივე ინფორმაციით, როგორც წარმოებაში, ისე-კაფე შოპში, ამაჟამად სულ 12 ადამიანია დასამებული.

აღსანიშნავია, რომ „ჩირჩხელა“ თიბისი ბანკის ბიზნესდაჯილოდოვებაში უკვე მეორედ მონაწილეობს. ამჟამად კი მისი ნომინაცია „წლის ტურისტული ბიზნესია“.

როგორც გური სალუქვაძე ამბობს, მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია ყველა დამწყები ბიზნესისთვის, რადგან მათ პოპულარიზაციაში ეხმარება.

„როდესაც ადამიანი საკუთარი რესურსებით იწყებს საქმიანობას, ძალიან რთულია კომპანია ბოლომდე შენით დააყენო რელსებზე. გიწევს ძალიან ბევრ სირთულესთან გამკლავება, თითქმის ყველაფერს შენ აკეთებ, წარმოებით დაწყებული, მისი რეალიზაციით დასრულებული. ამ ყველაფერს კი, სჭირდება პოპულარიზაცია და შესაბამისი თანხები. ვფიქრობ, მსგავსი დაჯილდოვებები ყველა სტარტაპერი კომპანიისთვის სწორედ იმიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საკუთარი საქმიანობის სწორად წარმოჩენა და პოპულარიზაცია შეძლოს“,-აღნიშნავს გური სალუქვაძე.

R

ნინი ქეთელაური