"ლარის გაუფასურების პროცესში მყისიერი წამალი არ არსებობს - ლარის სტაბილიზაცია გრძელვადიანი პერსპექტივაა"

ლარის გაუფასურების პროცესში მყისიერი წამალი არ არსებობს - ლარის სტაბილიზაცია არის გრძელვადიანი პერსპექტივა,- ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, პროცესში ეროვნული ბანკი, რომლის სამიზნეც ინფლაციაა, მყისიერად ჩაერთვება, როგორც კი ამის საჭიროება დაფიქსირდება და ინფლაციის მხრივ რისკები გაჩნდება.

„ლარის გაუფასურების პროცესში ყოველი პუნქტით ცვლილების დროს ერთმანეთისაგან განსხვავებული განმარტებები ვერ გაკეთდება. ჩვენ ვიცით გრძელვადიანი მოგვარების რეცეპტი რაში მდგომარეობს. ცხადია, აქ საუბარია, რომ გაიზარდოს წარმოების ხვედრითი წილი სწორედ იმ სავალუტო კაპიტალის ფორმირებაში, რომელიც ლარზე ასე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს. არსებობს მიმდინარე პროცესი, რომელზეც სიახლეს მე ვერაფერს ვერ ვიტყვი. მთავარია, რომ ეროვნული ბანკი სიტუაციას აკონტროლებს. ის ზუსტად დააფიქსირებს იმ მომენტს, როდესაც მისი ჩარევა გარდაუვალი იქნება, რათა არ მოხდეს ინფლაციაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა. საზოგადოება ინფორმირებულია ყველა იმ ძირითადი პარამეტრის შესახებ, რომლითაც ლარის კურსი ფორმირდება. შემიძლია დავადასტურო, რომ აქ გარკვეული მოლოდინი ნამდვილად მონაწილეობს. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ეს მოლოდინი არის ერთ-ერთი გადამწყვეტი. თუკი ლარის კურსის შემდგომი რყევა მოხდება, აქ ეროვნული ბანკის ხვედრითი წილი ძალიან დიდია, რომელთანაც კომუნიკაცია გვაქვს და მას გააჩნია მზაობა, რომ ისეთი ინტერვენცია გააკეთოს, რათა ლარის კურსის გამო ინფლაციამ სერიოზული დარტყმა არ მიიღოს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ რომან კაკულიამ.