"ეროვნული ბანკი დიდ ბომბზე ზის"

ეროვნული ბანკი საკმაოდ დიდ ბომბზე ზის, რადგან თუ ლარმა განაგრძო გაუფასურება, მოულოდნელად მოხდება ინფლაცია, ეს პროცესი სტიქიურად წავა და სტიქიურ სახეს მიიღებს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ განუცხადა. მისი თქმით, ამ შემთხვევაში ეროვნულ ბანკს მოუწევს მძიმე ზომების მიღება სიტუაციის გამოსასწორებლად.

„არც ეროვნული ბანკი და არც საქართველოს მთავრობა ლარის კურსის სტაბილურობისთვის არაფერს აკეთებს. მითუმეტეს, ეროვნულ ბანკს აქვს მკვეთრად გაცხადებული მიზანი, რომ მისი სამიზნე არის ინფლაცია და არა ლარის კურსი. ამიტომ, როგორც ეროვნული ბანკი ამბობს, ის ჩაერთვება მაშინ, თუ ფასების დონე გადააჭარბებს მიზნობრივ მაჩვენებელს, სხვა შემთხვევაში კი იგი არ ჩაერთვება, როგორიც არ უნდა იყოს კურსი ბაზარზე. განვითარებადი ტიპის საზოგადოებისთვის ეს არის არასწორი მიდგომა. ინფლაციის პრობლემა შესაძლებელია უცებ და მოულოდნელად მართლაც დადგეს იმ შემთხვევაში თუ ლარი გაუფასურებას განაგრძობს. სავაჭრო პარტნიორებთან შედარებით შესაძლოა, კონკრეტულ პერიოდში ლარი გამყარდა, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს და ბევრს არაფერს ცვლის. თუ ლარი უფასურდება, ის საქონელი და მომსახურება, რომლის შესყიდვა დოლარში ხდება, მაინც ძვირდება მიუხედავად იმისა, რომ ლარი თურქული ლირასთან არ გაუფასურდეს.

დოლარში შესყიდვები ხორციელდება ისეთი ტიპის საქონელზე, როგორიც არის ნავთობპროდუქტები, გაზი და ა.შ. რაც უკვე წარმოადგენს საკმაოდ დიდ რისკს, რომ ამ ტიპის საქონელზე ფასების ზრდა ავტომატურად გამოიწვევს სხვა ტიპის საქონელსა და მომსახურებაზე ფასის ზრდას. ეროვნული ბანკი საკმაოდ დიდ ბომბზე ზის, რადგან თუ ლარმა განაგრძო გაუფასურება, მოულოდნელად მოხდება ინფლაცია, ეს პროცესი სტიქიურად წავა და სტიქიურ სახეს მიიღებს. შესაბამისად, ეროვნულ ბანკს მოუწევს მძიმე ზომების მიღება ამ მიმართულებით“, - განაცხადა ცომაიამ.

მისივე თქმით, მთავრობამ უნდა დააბალანსოს საკუთარი ხარჯები და სახელმწიფო შესყიდვები უნდა განახორციელოს ისე, რომ ნაკლებად იყოს დამოკიდებული იმპორტზე.

„ძალიან ბევრი დასახელების საქონელს მთავრობა ეძებს და ყიდულობს უცხოეთში - ნაგვის ბუნკერებიდან დაწყებული ასანთით დამთავრებული. დიდი რაოდენობით კაპიტალი გაედინება მაშინ, როდესაც მთავრობას შეუძლია შექმნას გარკვეული ტიპის კლასტერული წარმოებები, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან ადგილობრივ ბაზარზე. ამ მიმართულებით უნდა მოხდა მუშაობა. რეალურად, სამთავრობო შესყიდვებში იმპორტის წილი გაიზარდა, რაც დამატებითი ფაქტორია ლარის გაუფასურებისთვის“, - აღნიშნა ცომაიამ.

ამასთან, როგორც ეკონომისტი აღნიშნავს, ლარის კურსის დევალვაციას ხელს უწყობს მოქალაქეების მოლოდინიც, რომლის გასაქარწყებლად ეროვნული ბანკი კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამს.

„ქვეყანაში არსებული მდგომარეობა არის შემდგომი: ადამიანის მოლოდინი მომავალთან დაკავშირებით არის გაუგებარი და ბუნდოვანი. არ ვიცით, რომ ეკონომიკა ან ჩვენი ცხოვრება მომავალში გაუმჯობესდება. ეს გვაიძულებს თითოეულ ჩვენგანს, რომ კონკრეტული მოქმედებები განვახორციელოთ, რაც ლარს უფრო და უფრო აუფასურებს ანუ ჩვენ ვცდილობთ, ლარი მოვიშოროთ, როდესაც არ გჭირდებათ ის შესყიდვის გარდა სხვა რამეში. მოსახლეობა როგორც კი განახორციელებს კონკრეტულ ტრანზაქციას, სასწრაფოდ გადაყავს უცხოურ ვალუტაში ან სხვა აქტივში, რადგან არ აქვთ ნდობა ლარის მიმართ, რომ ის კიდევ უფრო მეტად არ გაუფასურდება. ეს არის მოლოდინების ფაქტორი, რაც იწვევს ლარის გაუფასურებას. ამ პროცესში, მოლოდინების ფაქტორების მართვა შეუძლია ეროვნულ ბანკს. მას კონკრეტული ინსტრუმენტების გამოყენებით, შეუძლია აგრძნობინოს საზოგადოებას, რომ ლარი არ გაუფასურდება მოლოდინების ფაქტორებიდან გამომდინარე. ეროვნულ ბანკს შეუძლია მოლოდინების მართვა“, - აღნიშნა ცომაიამ.