მსოფლიო ჩემპიონატის გამო ლომბარდებში კლიენტებმა იმატა

”რაც უნდა გასაკვირი იყოს, ზოგიერთი უკანასკნელი ნივთის ჩაბარებასაც არ ერიდება, რომ მიღებული სესხით ფსონი გააკეთოს”

აზარტული მოთამაშეების სიმრავლე ლომბარდების მუშაობასაც დაეტყო. სალომბარდო ბიზნესის კლიენტურა გააქტიურდა. წესით, საზაფხულო სეზონი მათ საქმიანობაში წარუმატებელია, მაგრამ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებულმა ვნებამ აქაც იჩინა თავი.

როგორც აღმოჩნდა, აზარტით შეპყრობილი გულშემატკივრები სალომბარდო მომსახურებითაც აქტიურად სარგებლობენ. თბილისში მოქმედი დაწესებულების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ საქმიანობაში მსოფლიო ჩემპიონატი ხელსაყრელია, რადგან აზარტული კლიენტები სალომბარდო მომსახურებას არ ერიდებიან და ძვირადღირებულ ნივთებსაც კი ლომბარდებში აგირავებენ.

სალომბარდო ბიზნესს მომხმარებელი ჩვეულებრივ პერიოდშიც არ აკლია. ბოლო დროს მათ საკმაოდ დაბალი საპროცენტო განაკვეთიც იზიდავთ. მოქმედი ლომბარდების უმეტეს ნაწილში 1-დან 2,5 პროცენტიანი განაკვეთი მოქმედებს, რაც მობილური ტელეფონების, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და საოჯახო ძვირფასეულობის დაგირავებისას 5-დან 7 პროცენტამდე მატულობს.

ლომბარდების მენეჯერთა ინფორმაციით, მატერიალური პრობლემების გამო, მოსახლეობა იძულებული გახდა, ოქრო თუ სხვა ძვირფასეულობა ლომბარდში ჩააბაროს. ხშირ შემთხვევაში, პროცენტის გადახდაც უჭირთ, რის გამოც ბევრი პროცენტის დროულად გადახდას ვერ ახერხებს. დღეისთვის ლომბარდებში ყველაზე ხშირად მობილურ ტელეფონებს და ოქროს აბარებენ.

კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში აცხადებენ, რომ მომხმარებელი, გასაგები მიზეზების გამო, გადახდისუუნარო გახდა, რამაც ლომბარდში ერთიორად გაზარდა ვადაგადაცილების შემთხვევები.

”საზაფხულო პერიოდში მომხმარებლის აქტივობა მცირდება ხოლმე, ხალხი ქალაქიდან გადის და სალომბარდო სესხით სარგებლობას მეტწილად ერიდება. ბოლო დროს სიტუაცია ფეხბურთის ჩემპიონატების გამო შეიცვალა, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ზოგიერთი უკანასკნელი ნივთის ჩაბარებასაც არ ერიდება, რომ მიღებულ სესხად ფსონი გააკეთოს. აქედან პირდაპირ ტოტალიზატორში გარბიან, მაგრამ როგორ შეძლებენ ვალის გასტუმრებას, ეს უკვე არ ვიცი.

მართალია, სპაროცენტო განაკვეთები მაღალი არ არის, მაგრამ ამ კატეგორიის მომხმარებლისთვის შვება ვერ იქნება. არა მხოლოდ ოქროულობა, გახშირდა მობილური ტელეფონების ჩაბარების ფაქტებიც, რაც ცოტა ადრე ნაკლებად შეიმჩნეოდა.

ძალიან ბევრი მომხმარებელი გვყავს. უმეტესობას გადახდა უჭირს, ამიტომ გადავწყვიტეთ, მათი მდგომარეობა გაგვეთვალისწინებინა და ჯარიმები მოვხსენით, საპროცენტო თანხას ყოველი თვის შესაბამისად იხდიან”, - ამბობს ლია ქაროსანიძე, ლომბარდის თანამშრომელი.

აზარტულ მოთამაშეებს თუ არ ჩავთვლით, მომხმარებელს ლომბარდთან ”გაჭირვება აახლოვებს”. ასეთი ადამიანი კი საქართველოში ძალიან ბევრია. ”დეფიციტი არასდროს შეიმჩნეოდა, მაგრამ ამ პერიოდში გააქტიურება აშკარაა. ზოგი გაჭირვებით ახერხებს ჩაბარებული ნივთების ”გამოხსნას”, მაგრამ მალევე უკან დაბრუნება უწევს. ზოგიც ვადაში ვერ ეტევა, რაც შემდეგ სერიოზულ პრობლემებს იწვევს და ხშირად ლომბარდი იძულებული ხდება, კლიენტს შემოტანილი ნივთი გაუყიდოს.

ვცდილობთ, დრო მივცეთ და ამისთვის წინასწარ ვაფრთხილებთ, მაგრამ თანხას ვერც გადავადების პირობებში ფარავენ. როდესაც ქვეყანაში ამდენი უმუშევარია და ხალხს უჭირს, ერთადერთ გამოსავალ სიტუაციად უამრავი ადამიანისთვის ლომბარდია. სამწუხაროდ, ზოგიერთს ოჯახში გირაოდ ჩასადები ნივთიც არ მოეძებნება”, - ამბობს ლომბარდის მფლობელი, ინდმეწარმე შალვა მელია.

ლომბარდების მენეჯერთა ინფორმაციით, მოიმატა საყოფაცხოვრებო ნივთების ჩაბარების შემთხვევებმა. ამისთვის საკმაოდ დიდი არჩევანია. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, საჭირო თანხის მისაღებად დააგირავოს როგორც ავტომანქანა, ასევე ნებისმიერი ტექნიკა, მათ შორის, მობილური ტელეფონი, კომპიუტერი და ტელევიზორი.

კომპანია კრედიტპოინტ.გე-ს წარმომადგენელი განმარტავს, რომ მოქმედებს რამდენიმე სერვისი, რაც კლიენტებს შესაძლებლობას აძლევს, დააგირავონ როგორც ავტომანქანები, ასევე მობილურები და კომპიუტერი, ნივთის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას კომპანია საკუთარ თავზე იღებს.

”ფეხბურთის ჩემპიონატის მსვლელობისას და ნებისმიერ სხვა პერიოდშიც, მომხმარებელი აქტიურია. ყველა ტექნიკა, რომელიც ლომბარდდება, გადადის საცავში და მას კლიენტი მხოლოდ თანხის დროულად დაფარვის შემთხვევაში გაიტანს. რაც შეეხება ავტოლომბარდს, სესხი გაიცემა როგორც ტარების უფლებით, ასევე დაცულ ავტოსადგომზე ავტომობილის გაჩერებით; ავტოლომბარდში მკაცრად არის დაცული კონფიდენციალურობა.

ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი ფარული ხარჯები, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ მოვატყუოთ ჩვენი მომხმარებელი, მასთან ყველანაირი იურიდიული ურთიერთობა გამჭვირვალეა. რაც შეეხება მომხმარებლის აქტიურობის დონეს, ასეთ ინფორმაციას არ გავცემთ. ნებისმიერი სახის ტექნიკაზე გვაქვს საუკეთესო პირობა, რაც კლიენტებს იზიდავს”, - აცხადებენ ლომბარდში.

ის, რომ ლომბარდების სტუმრობა ხშირად უწევთ, არც მომხმარებლები მალავენ. ზოგიერთ მათგანს ერთ ლომბარდთან ორი ან მეტი ვალდებულებაც აქვს.

”არ არსებობს ნივთი, რომლის დალომბარდებაც არ მიცდია. ერთხანს მობილურ ტელეფონებს ვალომბარდებდი, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ოქროულობის ჩაბარება მიწევს. ლომბარდში კომპიუტერიც კი ჩამიბარებია. ამ ბოლო დროს ლომბარდებმა საპროცენტო განაკვეთები შეამცირეს, ჯარიმებიც აღარ აქვთ და მათ მიმართ ინტერესმაც მოიმატა. ახლა მხოლოდ ოქროულობა მაქვს ჩაბარებული. წლის ბოლომდე ვერ გამოვიტან, ამისთვის კი ყოველთვიურად 60-ლარიან პროცენტს ვიხდი. ჩემნაირები რომ ცოტა იყოს, თბილისში, ალბათ, ლომბარდების აუცილებლობაც აღარ იქნებოდა, მაგრამ ასე არ არის.

ჩემ ირგვლივ იშვიათად მოიძებნება ოჯახი, რომელიც ლომბარდის მომსახურებით არ სარგებლობს. ვერავინ გაექცევა რეალობას, რომ ქვეყანაში გაჭირვებაა და ხალხს სხვა გამოსავალი არ აქვს”, - ამბობს დათო გულიაშვილი, ლომბარდის მომხმარებელი.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”