ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში 4,354,423 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2017 წელი 3,550,711 მგზავრი) 23%-ით აღემატება.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან“ იუწყებიან, ოქტომბრის თვეში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ოქტომბერში 335,094 მგზავრს მოემსახურა, რაც 18%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წელი 284,329 მგზავრი ). ხოლო 10 თვეში ზრდამ, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21% შეადგინა (2017 წლის 10 თვე – 2,724,740 მგზავრი).
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2018 წლის ოქტომბერში 78%-ით გაიზარდა და 62,000 მგზავრი შეადგინა (2017 წლის ოქტომბერი 34,874 მგზავრი). რაც შეეხება 10 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 512,386 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39%-ით მეტია (2017 წლის 10 თვე – 359,961 მგზავრი).
სააგენტოს განცხადებით, ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის ოქტომბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 41,980 მგზავრმა ისარგებლა, რაც 11% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წლის ოქტომბერი 37,660 მგზავრი). რაც შეეხება 10 თვის ჯამს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 19%-ით გაიზარდა და 555,693 მგზავრი შეადგინა (2017 წელი – 466,010 მგზავრი).
რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის 10 თვეში 7601 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის 10 თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 362 რეისი შესრულდა.