„გუდაურში შიდა გზები ისევ მოუწესრიგებელია, წელსაც სეზონს ალბათ, ტალახში შევხვდებით“ - რას პასუხობს ადგილობრივი ხელისუფლება ბიზნესს (+ფოტო)

მოუწესრიგებელი შიდა გზები და ტროტუარები გუდაურში, საყოფაცხოვრებო ნარჩენები კურორტზე - ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რაზეც ბიზნესი უკვე წლებია საუბრობს, თუმცა დღემდე მოუგვარებელია.

ბიზნესი ამბობს, რომ სამუშაოები დაჩქარდა, თუმცა ის, რაც კეთდება, საკმარისი არ არის. ადგილობრივ ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ „მუშაობენ“ და წელს თუ არა, მომავალ წელს პრობლემებს აუცილებლად მოაგვარებენ.

ცნობისათვის, საკურორტო ზონების მომზადების დონით უკმაყოფილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აგვისტოში გამოთქვა და პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამის პირებს ბოლო გაფრთხილება მისცა.

განცხადებიდან მალევე, „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ 6 ახალი საბაგირო, გაფართოვებული სასრიალო არეალი და ამჯერად უკვე საკმარისი ხელოვნური გათოვლიანება დათქმულ დროში მოესწრება. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს - შიდა გზებს, განათებას და ა.შ. ამ მიმართულებით პრობლემები დღემდე რჩება, ყოველ შემთხვევაში, როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ ადგილობრივი ბიზნესი საუბრობს, ამ მიმართულებით წელს კურორტი ახალ სეზონს ისევ ძველი პრობლემებით შეხვდება.

bpn

სასტუმრო „გუდაურას“ დირექტორის ირაკლი კუტალიას განცხადებით,

აგვისტოს შემდეგ კურორტზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ტემპები დაჩქარდა, თუმცა არის საკითხები, მაგალითად, შიდა გზები, ტროტუარები, ნაგავი და ა.შ. რომელიც ისევ მოსაგვარებელია და სავარაუდოდ, ვერც სეზონის გახსნამდე მოესწრება.„კი, ბატონო, სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, ბევრი რამე კეთდება, თუმცა მთავარი პრობლემა მაინც მოსაგვარებელია. ეს არის შიდა გზები და ტროტუარები, რომელიც საშინელ მდგომარეობაშია. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ეს იყო. სავარაუდოდ, ვერც მოესწრება და ზამთრის სეზონს ალბათ, ისევ ტალახში შევხვდებით, რაც ძალიან დიდი დისკომფორტია“,-აცხადებს ირაკლი კუტალია.

მისი თქმით, ყველაზე ინტენსიური სამუშაოები საბაგიროების მონტაჟის კუთხით მიმდინარეობს, რაც ნამდვილად მისასალმებელია.

„ველოდებით, რომ საბაგიერობის კუთხით მაინც მოიხსნება ყველა პრობლემა და დიდი რიგებიც აღარ იქნება“,-აღნიშნავს ირაკლი კუტალია.

გუდაურში მდებარე სასტუმრო „თრუსოს“ ხელმძღვანელი ლევან კარიჭაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას კიდევ ერთ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ტრანპორტის საკითხი ისევ მოსაგვარებელია.

„სამუშაოების ტემპები დაჩქარდა. უფრო მეტად საბაგიეროების რეაბილიტაციის მიმართულებით. კარგია, რომ მოესწრება. თუმცა, სამწუხაროდ, ისევ პრობლემად რჩება ტრანსპორტის საკითხი. როგორც ვიცი, საერთოდ დღის წესრიგშიც არ დგას და ამ მიმართულებით არანაირი ძვრები არ არის. რაც შეეხება შიდა გზებს, აკეთებენ, თუმცა რამდენად მოესწრება სეზონის გახსნამდე, არ ვიცი“,-ამბობს ლევან კარიჭაშვილი.

მისივე თქმით, კიდევ ერთი პრობლემა სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებია: „ზოგადად, ნაგავი სულ პრობლემაა გუდაურში და ეს ისევ დღის წესრიგში რჩება. რაც შეეხება სამშენებლო ნარჩენებს, მშენებლობები ინტენსიურად მიმდინარებს და ალბათ, სეზონი რომ გაიხსნება, პერიოდულად გაიტანენ ხოლმე“,-აცხადებს ლევან კარიჭაშვილი.

bpn

სასტუმრო Quadrum-ის ხელმძღვანელი ირაკლი ერისთვი კი განათების ბოძების არასაკმარის რაოდენობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ცენტრალური გზის ყველაზე სახიფათო მონაკვეთი ჯერ ისევ გასანათებელია.

„სეზონისთვის მზადება მიმდინარეობს. თუმცა, სამშენებლო ნაგვის საკითხი ისევ პრობლემაა. რაც შეეხება გზას, ჩვენი სასტუმროს წინ ცენტრალური გზა გადის, რომელიც გაკეთდა და ძალიან კარგია. პრობლემად რჩება განათებები. მაგალითად, გზის ერთი მონაკვეთი, რომელიც საკმაოდ სახიფათოა, მლეთიდან ფასანაურამდე, განათებული არ არის, რაც ძალიან დიდი დისკომფორტია, საფრთხეს რომ თავი დავანებოთ. ამიტომ, კარგი იქნება, თუ მოაგვარებენ“,-აცხადებს ირაკლი ერისთავი.

ბიზნესის პრეტენზიებს ნაწილობრივ იზიარებენ ადგილობრივ ხელისუფლებაში, თუმცა აცხადებენ, რომ პრობლემების მოგვარება ეტაპობრივად ხდება.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ყაზბეგის მუნიპალიტეტის მერმა, ალექსანდრე ზაგაშვილმა განუცხადა, შიდა გზების პრობლემა ნაწილობრივ მოგვარებულია, ნაწილი კი მომდევნო სეზონისთვის დასრულდება. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, მისი თქმით, პრობლემის მოგვარება დუშეთის გამგეობასა და მთის კურორტების განვითარების სააგენტოსთან კოორდინაციით უნდა მოხდეს.

„ახალ გუდაურში, სადაც ყველაზე პრობლემური მონაკვეთი იყო - ერთ კილომეტრიანი გზის დაგება თითქმის დასრულებულია. ეს დუშეთის მუნიციპალიტეტმა ითავა და მან განახორციელა. საუბარია, ასფალტ-ბეტონის საფარისა და გარე განათებების მოწყობაზე.

bpn

რაც შეეხება ძველ გუდაურს და „მარკო პოლოს“ მისასვლელ გზას, მანდ გარკვეული საიჟინრო კომუნიკაციების გამოცვლის საკითხი დგას, ამიტომ წელს თავი შევიკავეთ მასშტაბური სამუშაოების განხორციელებისგან, კერძოდ, გზების დაგებისგან, რადგან ხელმეორედ აღარ მომხდარიყო თანხის არამიზნობრივი ხარჯვა. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ ამ გზას გარკვეული კორექტირება გავუკეთოთ და ორმოები ამოვავსოთ. აღნიშნული სამუშაოები, დაახლოებით 2-3 დღეში დაიწყება“,-აცხადებს ალექსანდრე ზაგაშვილი.

ტროტუარების მოწყობასთან დაკავშირებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, რომ ეტაპობრივად ესეც მოგვარდება, თუმცა არა ამ სეზონზე.

„ზოგ ადგილას მოწყობილია, ზოგან არა. ეს საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება იქაც, სადაც ტროტუარები არ არის. უბრალოდ, ამ სეზონზე რაც გადაუდებელი იყო ის კეთდება, ანუ, ერთკილომეტრიან გზა და ორმოების ამოვსება“,-აღნიშნავს ალექსანდრე ზაგაშილი.

რაც შეეხება საყოფაცხოვრებო ნარჩენებს და გზის განათების პრობლემას, ალესანდრე ზაგაშვილი ამბობს, რომ პროცესში ჩართულია მთის კურორტების განვითარების სააგენტო და დუშეთის მუნიციპალიტეტი, რომელთან ერთადაც საკითხის ხელახლა გავლა უნდა მოხდეს.

„სამშენებლო ნაგავთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ზოგადად, გუდაურში სამშენებლო რეგულაციების ზედამხედველობას თბილისი განკარგავს. ნაწილობრივ ჩვენიც არის, უბრალოდ, გარკვეული საკითხები დასაზუსტებელია. ანუ, არის თუ არა მსგავსი პრობლემა. რაც შეეხება ზოგადად ნაგავს, ამაში ჩართულია „მთის კურორტების განვითარების სააგენტო“, რა თქმა უნდა, ჩვენთან შეთანხმებით და აქაც საკითხი გასავლელია, ზუსტად რა ადგილებშია პრობლემა. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ სეზონის დაწყებამდე პრობლემა მოგვარდება.

bpn

რაც შეეხება, განათებებს, ფასანაურიდან მლეთამდე თუ ა.შ. გუდაური არის დუშეთის ზონა, შესაბამისად, განათებებთან დაკავშირებით მე ახლა ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ“,-აცხადებს ალექსანდრე ზედელაშვილი.

ცნობისთვის, ზამთრის საკურორტო სეზონი 8 დეკემბერს გაიხსნება.

ნინი ქეთელაური