საბურთალოზე, ე.წ. კორტების მოედანზე შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მომავალი წლისთვის დაიწყება.
აღნიშნული ტერიტორია დღეს კახა კალაძემ და მისმა მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერეს.
კახა კალაძის თქმით, ე.წ. კორტების ტერიტორიის საკითხზე მოლაპარაკებები კომპანიასთან 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. კალაძის განმარტებით, ტერიტორიის ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია.
„დღეს გვაქვს ის მდგომარეობა, რასაც ხედავთ. ჩემი დავალებით, 2019 წლისათვის ჩვენ დავიწყებთ პროექტის განხორცილებას. პროექტზე მუშაობა დღეს უკვე დაწყებულია. მოეწყობა სპორტული ინფრასტრუქტურა. ეს იქნება ჩოგბურთის კორტები, საფეხბურთო მინი მოედნები და ვნახავთ, რამდენად შესაძლებელი იქნება საცურაო აუზის გაკეთება. ამით ისარგებლებს, არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონის მოსახლეობა. დღეს რაც ჩვენ ქალაქში გვჭირდება, ეს არის მწვანე სივრცეები, პარკები და სპორტული ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, 2009 წელს კორტების ტერიტორია გაასხვისეს, თუმცა დღეისათვის ის ქალაქს უბრუნდება.
„უცხოელ ინვესტორს აღნიშნული ნაკვეთის გარდა, ზემოთ ასევე ჰქონდა მიწის ნაკვეთი, სადაც დღეს საავტომობილო გზა გადის, თუმცა მას საკუთრებაში არსებული ტერიტორია, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე წაართვეს. ქალაქის განვითარების ინტერესები პრიორიტეტულია, მაგრამ როდესაც საქმე კერძო საკუთრებას ეხება, ჩემთვის და ჩვენი თანაგუნდელებისთვის, მისი ჩამორთმევა კატეგორიულად მიუღებელია. კომპანიასთან ადგილმონაცვლეობაზე მრავალთვიანი მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდა და ადგილი, სადაც ადრე სპორტული ინფრასტრუქტურა იყო განთავსებული, ქალაქს უბრუნდება“, - განაცხადა კალაძემ.