ჩინეთი ამერიკასთან სავაჭრო საკითხებზე, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებისთვის და პრობლემის მოგვარებისთვის მზადაა. ჩინეთის ვიცე პრეზიდენტი ვან ქიშანი ამბობს, რომ სავაჭრო დაძაბულობა, მსოფლიოს ორივე უდიდეს ეკონომიკას აზარალებს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპენი ამ თვის ბოლოს, ბუენოს აირესში შეხვდებიან. ტრამპი ამბობს, რომ თუ ამ შეხვედრაზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება, მაშინ ის ტარიფებს 267 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე გაზრდის.
„ჩინეთსაც და აშშ-საც სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის სურვილი აქვთ. ჩინური მხარე, აშშ-სთან დისკუსიისთვის მზადაა. ჩვენ გვსურს, რომ ისეთ შეთანხმებას მივაღწიოთ, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება. მსოფლიოს ბევრი პრობლემა დაუგროვდა და მათ გადასაჭრელად, აშშ-ის და ჩინეთის თანამშრომლობა აუცილებელია. დარწმუნებულები ვართ, კოოპერაციით ორივე ქვეყანა მხოლოდ მოგებული დარჩება, კონფრონტაცია კი ორივეს დააზარალებს“, - „ბლუმბერგთან“ საუბრისას განაცხადა ქიშანმა.
ტრამპი ჩინეთს ამერიკული ინტელექტუალური საკუთრების უკანონოდ მოპოვებაში, ამერიკული ბიზნესისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნასა და სავაჭრო დისბალანსის გამოწვევაში ადანაშაულებს. და ამ პრობლემების მოსაგვარებლად, ჩინეთთან ტარიფების ზრდის ენით ლაპარაკობს.
„სიბრაზე და უარყოფითი განწყობა, პრობლემების მოგვარების საქმეში ცუდი მოკავშირეა. ბარიერები და ურთიერთდადანაშაულება, სიტუაციის გამოსწორებაში ვერ დაგვეხმარება. ასეთი განწყობა, გლობალური ბაზრის ტურბულენტურობას კიდევ უფრო გაზრდის“, - დასძენს ქიშანი.
მისივე თქმით, საერთაშორისო პრობლემები წესების და კონსენსუსის საფუძველზე უნდა გადაიჭრას. ამასთან, ის ცალმხრივობისა და პროტექციონიზმის წინააღმდეგია.
ბუენოს აირესში შეხვედრამდე, ჩინეთის და აშშ-ის უმაღლესი დონის დიპლომატების შეხვედრა ვაშინგტონში, პარასკევს გაიმართება.