„ლარის გაუფასურების რისკები ყველა კომპანიაში წინასწარ უნდა იყოს დაზღვეული“

ლარის კურსის ასეთი მერყეობა, რა თქმა უნდა, უარყოფით გავლენას ახდენს ბიზნესზე. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია „ნატახტარის“ კორპორაციულმა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა.

„ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლარი იყოს სტაბილური. არ აქვს მნიშვნელობა რა ნიშნულზე იქნება, თუმცა ეს ნიშნული უნდა იყოს ძალიან მდგრადი გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში. მოკლევადიანი რყევები, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ბიზნესზე, უარყოფითი კუთხით,“- განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

მისი განმარტებით, „ლარის გაუფასურების რისკები ყველა კომპანიაში წინასწარ უნდა იყოს დაზღვეული“.

„რისკები ყველა კომპანიაში და მათ შორის, ჩვენს კომპანიაში წინასწარ დაზღვეულია და მოლოდინები წინასწარ გვაქვს გაწერილი. რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა რესურსს, რომ შეძლებისდაგვარად, მისი ნიველირება მოვახდინოთ,“- აღნიშნა „ნატახტარის“ კორპორაციულმა დირექტორმა.

ქრისტინე გამთენაძე