იტალიის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა გამოაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება, რომელიც ორი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის - „ვიზეარის“ და „რაიანეარის“ მიერ ხელბარგთან დაკავშირებული წესების შეცვლის მართებულობას შეისწავლის.
როგორც „როიტერსი“ წერს, გამოძიების დაწყებამდე, რეგულატორმა ორივე კომპანიას ახალი წესების ამოქმედება გადაუვადა. ამ ახალი წესების შესაბამისად, მგზავრებს სალონში უფასოდ მხოლოდ მცირე ზომის ხელბარგის ატანის უფლება ეძლევათ.
ორივე კომპანია ირწმუნება, რომ ახალი წესები, რეისების გადადებებს შეამცირებს და მომსახურებას გააუმჯობესებს. თუმცა ისინი არ აკონკრეტებენ, როგორ. იტალიის ანტიმონოპოლიური სამსახური თვლის, რომ ახალი წესებით, მგზავრთა უფლებები ილახება.
ანტიმონოპოლიური სამსახურის განმარტებით: „საჰაერო გადაყვანების ისეთ მნიშვნელოვან ელემენტზე, როგორიც ხელბარგია, დამატებითი გადასახადის შემოღება, ბილეთის რეალურ ფასზე მცდარ წარმოდგენას იძლევა, რითაც მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავთ“.
ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა საქმის შესწავლა მას შემდეგ დაიწყო, რაც „რაიანეარმა“ და „ვიზეარმა“ ახალი მოთხოვნების ამოქმედების შეჩერების მოთხოვნა არ შეასრულეს. საინტერესოა, რომ წაგების შემთხვევაში, კომპანიებს მაქსიმუმ 5 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმები ემუქრება.
ცნობისათვის, ახალი წესების შესაბამისად, „ვიზეარის“ მგზავრებს სალონში მხოლოდ 40х30x20 სმ ზომის და მაქსიმუმ 10 კილოგრამი წონის ხელბარგის ატანის უფლება აქვთ, „რაიანეარის“ შემთხვევაში კი შეზღუდვა კიდევ უფრო მკაცრია - 40x25х20 სანტიმეტრი და 10 კილოგრამი. იმისათვის, რომ მგზავრმა სალონში უფრო დიდი ზომის ტვირთის შეტანის უფლება მიიღოს, მან პრიორიტეტული ჩასხდომის ბილეთი უნდა შეიძინოს, რაც ჩვეულებრივ ბილეთზე ძვირი ჯდება.