საბერძნეთის ტურიზმის შემოსავალი იზრდება

საბერძნეთის ტურიზმის მინისტრის განცხადებით, ვიზიტორთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის შედეგად, 2018 წელს ტურიზმიდან ქვეყნის შემოსავალი 2 მილიარდი ევროთი გაიზრდება.

„როიტერსის“ მონაცემებით, ტურიზმი საბერძნეთის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი წყაროა და მასზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით მეოთხედი მოდის. ამიტომ ამ სფეროს განვითარება, საბერძნეთს ვალებისგან თავის დაღწევის იმედს აძლევს.

საბერძნეთი საერთაშორისო ფინანსური დახმარების რეჟიმს აგვისტოში დაასრულებს და ქვეყნის მთავრობა იმედოვნებს, რომ ამის შემდეგ, ეკონომიკის სწრაფი განვითარება დაიწყება, რაშიც ტურიზმი დიდ როლს ითამაშებს. საბერძნეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, შარშან ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 14.6 მილიარდ ევროს მიაღწია.

ტურიზმის სამინისტრო ვარაუდობს, რომ წელს ვიზიტორების რიცხვი 33 მილიონს მიაღწევს. შედარებისთვის, შარშან ტურისტების რაოდენობა 30.2 მილიონი იყო. ტურიზმის მინისტრი ელენა კუნტურა ამბობს, რომ ტურიზმის სექტორის განვითარების დინამიკა ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს.

„როიტერსის“ მონაცემებით, საბერძნეთის ეკონომიკა წელს 2.1 პროცენტით გაიზრდება.