"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მიღებებსა და წვეულებებში 49.2 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” საჯარო უწყებების წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ ინფორმაცია შეისწავლა.

ორგანიზაციის მერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წარმომადგენლობითი ხარჯები მოიცავს მიღებებსა და ოფიციალურ სადილებზე, წვეულებებსა და ღონისძიებებზე, საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობით ღონისძიებებზე დახარჯულ თანხას.

"ძირითადი მიგნებები:

2013-2017 წლებში, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საჯარო უწყებებმა 49.2 მილიონ ლარზე მეტი წარმომადგენლობითი ხარჯი გასწიეს;

ყველაზე დიდი თანხა, 12 მლნ ლარზე მეტი, 2017 წელს დაიხარჯა;

2013-2017 წლებში საჯარო უწყებები წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის დღეში საშუალოდ 27 ათას ლარს გამოყოფდნენ;

დანახარჯის ოდენობა 2014 წლიდან მზარდია და 2017 წელს 2012 წლის დანახარჯს აღემატება;

იმ უწყებებს შორის, რომლებმაც ინფორმაცია მოგვაწოდეს, ყველაზე მაღალ ბიუჯეტიანი უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროა;

მაღალ ბიუჯეტიანი უწყებების ხუთეულში შედის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თავდაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია;

აღნიშნული ხუთი უწყების მიერ დახარჯული თანხა სრული წარმომადგენლობითი ხარჯების 50%-ზე მეტს შეადგენს.

კვლევა ეყრდნობა 117 საჯარო უწყების მონაცემებს. ინფორმაცია სულ 142 საჯარო უწყებიდან გამოვითხოვეთ. აქედან 18-მა არ მოგვაწოდა, 7 უწყებას კი მსგავსი ხარჯი არ გაუწევია.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია არ მოგვაწოდა რამდენიმე მსხვილმა სახელმწიფო უწყებამ, როგორიცაა მთავრობის ადმინისტრაცია, იუსტიციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ენერგეტიკის სამინისტროები, რაც სავარაუდოდ მონაცემებს მკვეთრად შეცვლიდა. ინფორმაციის მოპოვების მიზნით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ამ უწყებებთან სასამართლოში აგრძელებს დავას.

ხელისუფლების მიერ კონფერენციების და ფორუმების ორგანიზება მნიშვნელოვანია, თუმცა ასევე საჭიროა ამ მიმართულებით გაწეული დანახარჯების დეტალური ანალიზი, რათა თავიდან იქნას აცილებული სახელმწიფო ბიუჯეტის არაეფექტური ხარჯვა. ასევე საზოგადოებას უნდა განემარტოს ამ ხარჯების ზრდის მიზეზი.

წარმომადგენლობითი დანახარჯები

“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2013 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, საჯარო უწყებებმა სხვადასხვა ღონისძიების მოწყობის, სტუმრების გამასპინძლების და მიღებების ორგანიზებაში 49 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს. 2013-2014 წლებში წარმომადგენლობითი ხარჯები მცირდებოდა, ხოლო 2014 წლიდან დანახარჯების ტენდენცია მზარდია და 2017 წელს უკვე აღემატება 2012 წელს გაწეულ ხარჯებს.

bpn

ყველაზე მაღალბიუჯეტიანი უწყებები

წარმომადგებლობითი ხარჯების მხრივ ყველაზე მეტი დანახარჯი შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს. ხუთეულში ასევე შედის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თავდაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და თბილისის მერია.​​​​​​​

bpn

bpn

მხოლოდ ამ ხუთი საჯარო უწყების წარმომადგენლობითი ხარჯი ჯამში 26 მლნ ლარზე მეტია, რაც სრული წარმომადგენლობითი ხარჯების 50%-ზე მეტს შეადგენს:​​​​​​​

bpn

უწყებების მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების ცალკეული შემთხვევები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2016 წელს 182 ათას ლარზე მეტი დახარჯა, როცა სხვა წლებში ხარჯის მაქსიმუმი 82 ათასი ლარი იყო. სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რამ გამოიწვია საპარლამენტო არჩევნების წელს წარმომადგენლობითი ხარჯების მკვეთრი ზრდა;

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2017 წელს 400 ათას ლარზე მეტი წარმომადგენლობითი ხარჯი გასწია მაშინ, როცა სხვა წლების მაქსიმუმი 86 ათასი ლარი იყო, 2016 წელს კი 4 ათას ლარამდე დახარჯა. ნიშანდობლივია, რომ 2017 წლის ხარჯი ფაქტობრივად უტოლდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2013-2017 წლებში ჯამურად გაწეულ წარმომადგენლობით ხარჯს. აღსანიშნავია, რომ ცენტრს თანხები ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ფარგლებში მიღებული დაფინანსებიდან აქვს გამოყოფილი;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 2016 წელს 253 ათას ლარზე მეტი დახარჯა, როცა სხვა წლების მაქსიმუმი 136 ათასი ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ საახალწლო ღონისძიებაზე სტუმრების მიღებისათვის ამ უწყებამ 98 ათას ლარამდე დახარჯა",- ნათქვამია "საერთაშორისო  გამჭვირვალობა  -  საქართველოს"  მიერ  გავრცელებულ  ინფორმაციაში.