„ჩერი“ ახალ პროდუქტებს ამატებს - როგორ აპირებს „ჩერი“ „კაფსულოსთვის“ კონკურენციის გაწევას

ყავის მწარმოებელი ქართული კომპანია „ჩერი“ ორი ახალი პროდუქტის წარმოებას და საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს.

ამჟამად კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტი მცირე რაოდენობით მხოლოდ აზერბაიჯანში გადის. ასევე „ჩერი“ ექსპორტზე რამდენჯერმე თურქმენეთსა და რუსეთშიც გავიდა.

როგორც კომპანიის მენეჯერმა თინათინ ლომთათიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ამ ეტაპზე კომპანია ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს სომხეთთან და რუსეთთან აწარმოებს.

„ახლახან ახალი პროდუქტი - ხსნადი ყავა ჩერი და ჩერი Decaf- უკოფეინო ნატურალური ყავა ჩერისგან დავამატეთ. ასევე მოხდა რამდენიმე შეფუთვის რებრენდინგი. წლის ბოლომდე იგეგმება 2 ახალი პროდუქტის დამატებაც. თუმცა რა პროდუქტი იქნება, წინასწარ ვერ დავაანონსებთ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ახალ გამოშვებულმა უკოფეინო ყავამ დიდი მოწონება დაიმსახურა.“ - განაცხადა ლომთათიძემ.

„ჩერი“ აწარმოებს აპარატის ყავასაც. დეკემბერში ყავის ანალოგიური სახეობის წარმოებას იწყებს ახალი ქარხანა „კაფსულოც“. „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვაზე, თუ როგორ გაუწევს „ჩერი“ „კაფსულოს“ კონკურენციას, ლომთათიძე აცხადებს, რომ მათი მთავარი კოზირი დაბალი ფასი და მაღალი ხარისხი იქნება. „ჩერის“ მიერ წარმოებული პროდუქტის ღირებულება ერთი ლარიდან იწყება და 10 ლარამდე ადის.

„კომპანიის დაარსების პირველი დღიდან ჩვენი მთავარი მიზანი არის ხარისხის კონტროლი. ჩვენი კომპანია სერტიფიცირებულია ISO სტანდარტებით, ერთდროულად გვაქვს სამი ISO, ამ კუთხითაც პირველები ვართ. ეს არის ხარისხის მენეჯმენტი, სურსათის უვლებლობა და გარემოს დაცვა.

ჩვენ ძალიან დაბალ ფასში გვაქვს ძალიან მაღალი ხარისხის და ნატურალური პროდუქტი. ჩვენი მთავარი კოზირი ისაა, რომ გვაქვს ხარისხი ყველაზე მაღალი და ამავდროულად ყველაზე მისაღები ფასი. ჩვენი პროდუქტი როგორც კი შეიფუთება და მაღაზიებში გადანაწილდება, ერთ კვირაში უკვე აღარ არის,“ - განაცხადა ლომთათიძემ.

„ჩერი“ დაარსდა 2012 წლის 21 მარტს. კომპანიის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ნედლი/მწვანე ყავის იმპორტი, მისი შემდგომი გადამუშავება (გაწმენდა, მოხალვა, დაფქვა, დაფასოება) და დისტრიბუცია საქართველოს ტერიტორიაზე. კომპანიის ქარხანა, რომელიც ლილოს დასახლებაში მდებარეობს, ამ ეტაპზე ყველაზე დიდი ყავის საწარმოა საქართველოში. ამჟამად კომპანია 19 სახეობის პროდუქტს აწარმოებს – 4 ნალექიანი ყავის, 6 ხსნადი ყავის, 4 აპარატის ყავის, 3 ჩაის, 1 მოხალული ყავის მარცვლის და ერთიც უკოფეინო ყავის.

ლიკა ამირაშვილი