დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის პოსტზე ოთარ ძიძიკაშვილმა 4 თვეში, 2017 წლის 11 სექტემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში შემოსავლის სახით, 30 953 ლარი მიიღო.
ცნობისთვის, ძიძიკაშვილი დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსად გასული წლის სექტემბერში დაინიშნა. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა როგორ შეიცვალა მისი ქონება 1 წელიწადში.
სააგენტოს გარდა მისმა შემოსავალმა წინა წლის 1-ლი იანვრიდან 31 აგვისტოს პერიოდში სს „კასს ჰოტელსის“ მრჩევლობისას 178 833 ლარი; შპს „კასს 1-ის“ პროექტის ხელმძღვანელად მუშაობისას კი 2017 წლის მაის-ივლისში 21 895 ლარი შეადგინა.
2018 წლის 6 ნოემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ოთარ ძიძიკაშვილის უძრავი ქონება ოდნავ შეცვლილია. კერძოდ, წინა წლის დეკლარაციის თანახმად, ძიძიკაშვილი თბილისში არასაცხოვრებელ ფართსა და ავტოფარეხს ფლობდა; 2018 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით კი მის საკუთრებაშია 660,41 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა (ანტრესოლი, სარდაფი) თბილისში. ძიძიკაშვილი ფლობს ასევე მსუბუქ ავტომობილს Toyota 200-ს.
რაც შეეხება სააგენტოს ხელმძღვანელის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ოთარ ძიძიკაშვილს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჯამში, 110 453.29 დოლარი; 3 482,83 ლარი, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით 32 000 დოლარი და 15 000 ლარი ჰქონდა. ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ძიძიკაშვილმა გასულ წელს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ზიანის ანაზღაურების/ვალის დაბრუნების სახით, 53 538 ლარის შემოსავალი მიიღო.
ოთარ ძიძიკაშვილს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მისი მეუღლე ფლობს 299,84 კვადრატული მეტრი ფართობის ბინასა და 32 კვ. მეტრის ავტოფარეხს. მასვე საბანკო ანგარიშზე 24 561 დოლარი და 19,92 ლარი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ძიძიკაშვილის მეუღლე ნიუ-იორკში „გვენ სალაყაიას“ სახელით ინდივიდუალურ მეწარმედ არის რეგისტრირებული და ამ საქმიანობის შედეგად, მისმა შემოსავალმა - 38 500 დოლარი შეადგინა. ის არის ასევე საქართველოში შპს “ინდასტრიალ ინვესტმენტსის“ 50%-იანი წილის მფლობელი, თუმცა, მისი საქმინობით გასულ წელს შემოსავალი არ მიუღია.