დმანისის, წალკის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში რძის გადამამუშავებელი საწარმოები აშენდება.
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში, წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ ტბეთში და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიაში რძის გადამმუშავებელი კოოპერაციული საწარმოები აშენდება, რომლებიც 2019 წელს ამოქმედდება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან.
სამინისტროს ცნობით, თითოეული საწარმო დღიურად 10 ტონა რძეს გადაამუშავებს.
საწარმო აღიჭურვება სრული ციკლისათვის საჭირო დანადგარებით, როგორც ყველის დამზადებისათვის საჭირო აღჭურვილობით, ასევე რძის ჩამოსხმის ტექნოლოგიური ხაზით. აღსანიშნავია, რომ საწარმოში შესაძლებელი იქნება ქართული და ევროპული ტიპის ყველის წარმოება.
სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ თითოეულ მეპაიეს შესაძლებლობა ეძლევა სურსათის უვნებლობის თანამედროვე სტანდარტების დაცვით მოქმედ საწარმოში გადამუშავებული საბოლოო პროდუქტის რეალიზაციის შედეგად მიიღოს გაზრდილი შემოსავალი.
პროგრამით დადგენილი კრიტერიუმებით საწარმო 75%-იანი თანადაფინანსებით გადაეცემა მეორე დონის იმ კოოპერატივს, რომელშიც გაერთიანებულ 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივიდან თითოეულს ჰყავს არანაკლებ 200 ფური. 25% გადახდას კოოპერატივი უზრუნველყოფს 8 წლის განმავლობაში.
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარმოს მშენებლობა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში წლის ბოლოს დასრულდება. რძის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო, რომლის წარმადობა დღიურად 1,5 ტონას შეადგენს, უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიებით მაღალი ხარისხის რძის პროდუქტის, დამბალხაჭოს სამრეწველო წარმოებას.