კორუფციასა და თაღლითობაზე ნასამართლევ პირებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ ეზღუდებათ

სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერი კომპანიებისადმი არასაკმარისად მკაცრი მიდგომა დღეს, მოქმედი სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაკლია.

ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საქართველოში კორუფციისთვის გასამართლებულ ყოფილ ან მოქმედ თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიები (მაგალითად, „გრინსერვისი“, „გეო-გრუპი“, „იბოლია“) სახელმწიფო შესყიდვების ტენდერებში იმარჯვებენ და ხელისუფლებისგან მილიონობით ლარს იღებენ, რაც ეწინააღმდეგება როგორც შესყიდვების სფეროს რეგულირების მოწინავე საერთაშორისო (მათ შორის ევროპულ) პრაქტიკას, ისე საქართველოს პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს.

მათი ცნობით, დღესდღეობით, ასეთი პრობლემების პრევენციის გზა მხოლოდ „შავი სიაა“, რომელში მოხვედრილ კომპანიებს ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ. თუმცა, „შავ სიაში“ შემავალი კომპანიის მფლობელებს შეუძლიათ, სხვა კომპანია დააფუძნონ და ისე მიიღონ შესყიდვებში მონაწილეობა ან „გაშავებული“ კომპანიით ქვეკონტრაქტორები გახდნენ.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კარგი საერთაშორისო პრაქტიკისგან განსხვავებით, საქართველოში კორუფციაზე და თაღლითობაზე ნასამართლევ პირებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ ეზღუდებათ. იმ შემთხვევაშიც კი, როცა კანონსაწინააღმდეგო ფაქტები სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას გამოვლინდა. სწორედ ამ საკითხს ეხება წინამდებარე სტატია.

„სამწუხაროდ, საქართველოში ის მინიმალური სტანდარტიც კი არ გვაქვს, რომ თუნდაც, მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვებში აღმოჩენილი დარღვევების გამო გასამართლებულ პირებს შეეზღუდოთ მომავალ ტენდერებში მონაწილეობა.

შპს „გეო-გრუპი“

2014 წლის ოქტომბერში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი, გელა კოჩალიძე დააკავა. გამოძიების თანახმად, მან ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლისაგან 500 ლარი ქრთამი აიღო და სანაცვლოდ ტენდერში მფარველობას დაჰპირდა.

2017 წლის აპრილში გელა კოჩალიძემ შპს „გეო-გრუპი“ დაარსა, რომლის 60%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი თვითონ არის. დაარსებიდან სამ თვეში კომპანიამ ჯამში 546 000 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვების სამი ტენდერი მოიგო. სამივე ტენდერი აჭარის ა.რ. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ იყო გამოცხადებული. აღნიშნულ შესყიდვებში „გეო-გრუპს“ კონკურენტები არ ჰყავდა. 2018 წლის იანვარში „გეო-გრუპმა“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 631 700 ლარიანი ტენდერი, ხოლო სექტემბერში ქედის მუნიციპალიტეტის 180 880 ლარიანი ტენდერი მოიგო. პირველ შემთხვევაში ერთი კონკურენტი ყავდა, ხოლო მეორეში უკონკურენტოდ იყო. დაარსებიდან 2018 წლის პირველ ნოემბრამდე „გეო-გრუპმა“ ჯამში 1 358 580 ლარის კონტრაქტები გააფორმა სახელმწიფო უწყებებთან.

შპს „გრინსერვისი“

2013 წლის დეკემბერში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე და მისი ყოფილი მოადგილე კობა ხარშილაძე დააკავა. გამოძიების ვერსიით, ფურცხვანიძემ მოადგილესთან ერთად, 2007 წელს ნაცნობების სახელზე ფიქტიურად დააფუძნეს შპს „გრინსერვისი“, რომლის რეალური მფლობელები და ხელმძღვანელები მისი დაფუძნების დღიდან თავად იყვნენ. შპს „გრინსერვისის“ დაფუძნების ძირითადი მიზანი ის იყო, რომ ამ კომპანიას მონაწილეობა მიეღო და გაემარჯვა ძველი თბილისის გამგეობის მიერ გამოცხადებულ გამწვანებითი სამუშაოების ტენდერებში, მაშინ, როდესაც ძველი თბილისის გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე და მისი მოადგილე სატენდერო კომისიის წევრები იყვნენ. ეს უკანასკნელები ტენდერებს აცხადებდნენ მათ მიერვე შედგენილი ხარჯთაღრიცხვით იმ ოდენობისა და სახეობის ხე-მცენარეებზე, რომლებიც კომპანიას წინასწარ ჰქონდა შეძენილი და შესაბამისად, შპს „გრინსერვისმა” ლაშა ფურცხვანიძის და კობა ხარშილაძის ძველი თბილისის გამგეობაში მოღვაწეობის პერიოდში გამგეობის მიერ გამწვანებით სამუშაოებზე გამოცხადებულ ხუთ სახელმწიფო შესყიდვაში გაიმარჯვა.

2010 წლის 16 ნოემბერს „გრინსერვისის“ რეალურმა მფლობელებმა ლაშა ფურცხვანიძემ და კობა ხარშილაძემ, მას შემდეგ რაც აღარ იყვნენ საჯარო მოხელეები, საწარმოს ფიქტიური დამფუძნებლები შეცვალეს და საწარმოს 100%-იანი წილი თანაბრად გაიყვეს. 2013 წლამდე „გრინსერვისმა“ 8 მლნ ლარამდე ღირებულების ელექტრონული ტენდერები მოიგო, მათ შორის 407 000 ლარი პირდაპირი შესყიდვებიდან მიიღო. ბრალის წარდგენიდან ერთ წელიწადში ფურცხვანიძემ ბრალი აღიარა და ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ხარშილაძეს კი 2 წლით პატიმრობა და ჯარიმის გადახდა მიესაჯა.

2010 წელს ფურცხვანიძემ და ხარშილაძემ კიდევ ერთი კომპანია შპს „გრინსერვისი+“ დაარსეს. ეს კომპანია 2013 წლის იანვრიდან მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში და მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე 21 მლნ ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერები მოიგო, ასევე, გამარტივებული შესყიდვით 95 000 ლარი მიიღო. კომპანია ბოლო პერიოდშიც აქტიურად მონაწილეობს ტენდერებში. მაგალითად, მხოლოდ 2 თვეში, აგვისტო-სექტემბერში „გრინსერვისმა” მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ელექტრონულ ტენდერებში გაიმარჯვა. ამჟამად ფურცხვანიძე და ხარშილაძე კომპანიის 33-33%-ს ფლობენ.

შპს „იბოლია“

საქართველოს პარლამენტის წევრს, „ქართული ოცნების“ გორის მაჟორიტარს იოსებ მაკრახიძეს 2016 წლის აპრილში სახელმწიფო შესყიდვებში თანხების მითვისების ფაქტზე ბრალი წაუყენეს. იოსებ მაკრახიძის კომპანიას შპს „იბოლიას“ სხვადასხვა დროს გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვების შედეგად, გორის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ხელშეკრულებები ჰქონდა გაფორმებული, რომელთა პირობები რამდენჯერმე დაარღვია. სასამართლოს განჩინების მიხედვით, შპს „იბოლიას“ დირექტორმა მიღება-ჩაბარების აქტებში არასწორი მონაცემები შეიტანა და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, სახელმწიფო თანხების მითვისება განიზრახა. 2016 წლის ივნისში მაკრახიძეს ამნისტია შეეხო და ცოტა ხანში, ის „ქართულმა ოცნებამ“ გორში მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა.

იოსებ მაკრახიძე შპს „იბოლიაში“ 40%-იან წილს დღემდე ინარჩუნებს და მხოლოდ 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში „იბოლიამ“ 8 მლნ ლარზე მეტის ღირებულების სახელმწიფო ტენდერებში გაიმარჯვა,“-აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციაში.

ორგანიზაციამ აღნიშნულთან დაკავშირებით, რეკომენდაციებიც შეიმუშავა, რომლის თანახმადაც, „რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევიდეს ცვლილება საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობაში, რომელიც კორუფციაში და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ თაღლითობაში გამოვლენილ კომპანიებს და მის მესაკუთრეებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას შეუზღუდავს მინიმუმ იმ ვადით, სანამ მათი ნასამართლეობა არ გაქარწყლდება. ასევე, სახელმწიფო შესყიდვებში კონტრაქტორ კომპანიებს უნდა აეკრძალოთ, ისეთი კომპანიის ქვეკონტრაქტორად გამოყენება, რომელთა მფლობელებიც კორუფციაში ან თაღლითობაში იყვნენ მხილებული.