როგორი იქნება "განახლებული მზიური" (+ვიდეო)

პროექტის განხორციელების შედეგად დედაქალაქს კიდევ ერთი სრულად კეთილმოწყობილი მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატება, რომელიც სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცედ დაიყოფა.პროექტი ითვალისწინებს 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული ტერიტორიისა და პარკ "მზიურის" აღდგენა-მოწყობას, არსებული ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას. ასევე, პარკის ტერიტორიაზე განთავსებული ამორტიზებული შენობების რეაბილიტაცია-ადაპტაციას და მათ კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეებად გარდაქმნას.

"მზიურის" ყოფილი საბაგირო სადგურის შენობაში მინი-მედიათეკა და თანამედროვე გალერეის მინიმალისტური საგამოფენო დარბაზი მოეწყობა. ამასთან, "მზიურის" ტერიტორიაზე აიგება შენობა, რომელშიც "თოჯინების მუზეუმი" განთავსდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კავკასიის მასშტაბით ერთადერთ, უნიკალურ მუზეუმში, რომელიც საბავშვო მწერლისა და პედაგოგის, თინათინ თუმანიშვილის თაოსნობით 1937 წელს დაარსდა, დაცულია კულტურული მემკვიდრეობის 2714 ექსპონატი. მუზეუმის პროექტი მოიცავს საგამოფენო სივრცეებს, სამეცნიერო ლაბორატორიას, საგანმანათლებლო ცენტრს. 

წყარო: palitravideo.ge