საქართველოს ეკონომიკის ადაპტაციის პერიოდი იწყება

საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა.

რას გულისხმობს ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობა და რა უნდა გააკეთოს კერძო სექტორმა იმისთვის, რომ ევროპული ბაზრის მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

ამ თემებზე ”პალიტრა ტვ”-ს გადაცემა ”საქმეში” თსუ-ს პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ და ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში, ირაკლი ლექვინაძემ ისაუბრეს. მათი თქმით, იმისთვის რომ ქართული პროდუქციისთვის რეალურად გაიხსნას ევროპის 500 მილიონიანი ბაზარი, მთავარია სწორი კომუნიკაცია და ქართველი მეწარმეებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებაა.

როგორც გიორგი ღაღანიძემ განაცხადა, ევროპული ბაზარი არის ყველაზე დიდი საიმპორტო ბაზარი მსოფლიოში, აქედან გამომდინარე, ქართულ ბიზნესს ახალი შესაძლებლობები ეძლევა. თუმცა ღაღანიძის თქმით, დიდ ბაზარზე შესასვლელად უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი, მათ შორის საექსპორტო პროდუქტების სიმცირე. ”საექსპორტო პროდუქტები არ გვაქვს. დიდ ბაზარზე რომ შედიხარ მცირე მიწოდებით, ამით ადგილს ვერ გაიმყარებ”- ამბობს გიორგი ღაღანიძე.

ირაკლი ლექვინაძე პრობლემის გადაჭრის მთავარ გზად სწორ კომუნიკაციას მიიჩნევს. მისი თქმით, ევროპული მოთხოვნები საკმაოდ მკაცრია და ქართული კომპანიების დიდი ნაწილი ამისთვის მზად არ არის. ამიტომაც, მეწარმეებს არასწორი მოლოდინები რომ არ შეექმნათ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით, აუცილებელია მათ სწორი ინფორმაცია მიაწოდონ.

ლექვინაძის განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ პირველ ეფექტს ის კომპანიები იგრძნობენ, რომლებიც ისედაც დაშვებულნი არიან ამ ბაზარზე , მეორე ეფექტი კი საინვესტიციო აქტივობის ზრდა იქნება. ექსპერტის თქმით, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა ხდება, რომელსაც ევროპის ბაზარზე წვდომა ექნება, აქედან გამომდინარე ინვესტიციებს უნდა ველოდოთ.

გადაცემა იხილეთ ლინკზე : საქმე