მეტრო თბილისის ზღვასთან - ამ იდეას დედაქალაქის მერს სთავაზობენ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ვებგვერდზე 272 მიმდინარე, 219 დაბლოკილი, 465 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 13 იდეა განხილვის პროცესშია, ორი უკვე შეთანხმებული, 1 კი უარყოფილია.
„ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთ იდეას გთავაზობთ, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარედ მეტროს გაყვანას გულისხმობს.
„კარგი იქნება, თუ თბილისის ზღვის შემოვლით თბილისის მეტროს პირველი ხაზისა და ბოლო სადგურების დაკავშირება (სურათზე ლურჯი ხაზით მივუთითე) მოხდება, თუნდაც მიწის ზევით რომ გაკეთდეს. უცხოეთშიც ხომ საკმაოდ აპრობირებულია მიწის ზედა მეტრო? ეს კი თავის მხრივ აღნიშნული ხაზის გასწვრივ დასახლებების განვითარებას მოახდენს და უკვე არსებულ დასახლებებშიც აღარ მოხდება ახალი მშენებლობების წარმოება.
დავუშვათ ხიდებზე რომ აეწყოს მეტროს ხაზი და მის ქვევით კი ორმხრივი ცენტრალური საავტომობილო გზა (თითო მიმართულებაზე 2-3 ზოლით, რათა საცობების თემაც იყოს თავიდანვე გათვალისწინებული) გავიდეს. მოსახლეობისთვისაც მნიშნველოვანია თავისუფალი გზების არსებობა და შესაბამისად, დასახლებაც უფრო მარტივად მოხდება, მეც დავიღალე ამ უჟანგბადო ქალაქში ცხოვრებით და საშუალება რომ მქონდეს დიდი სიამოვნებით გადავიდოდი საცხოვრებლად გარეუბანში, მაგრამ პირველი შემაფერხებელი ფაქტორი, გზებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის არ არსებობაა,“-აღნიშნულია მოქალაქის განცხადებაში.
აღნიშნულ იდეაზე ხმის მიცემის ვადა მიმდინარე წლის 25 დეკემბერს იწურება.