მუხრანის ქათამმა შესაძლოა, წარმოება შეაჩეროს.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელი მამუკა ნოზაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მიზეზი ლარის გაუფასურების გამო გაძვირებული ნედლეულია, რასაც მეფრინველეობისთვის დაწესებული დამატებითი ღირებულების გადასახადი და ქვეყანაში ქათმის ხორცის გაზრდილი იმპორტი ემატება. შედეგად კი, ადგილობრივი მწარმოებლები უცხოურს კონკურენციას ფასის გამო ვეღარ უწევენ.
საქართველოში მეფრინველეობის სავალალო მდგომარეობაზე საუბრობენ დარგის სპეციალისტებიც. როგორც ასოციაცია „მომავლის ფერმერში“ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ქვეყანაში ქათმის ხორცზე მოთხოვნა წელიწადში 78 000 ტონას შეადგენს, საიდანაც ადგილობრივი მწარმოებლები მხოლოდ 26%-ის დაკმაყოფილებას ახერხებენ, დარჩენს კი იმპორტირებული პროდუქცია ავსებს. ეს მაშინ, როდესაც ხელშეწყობის პირობებში, ქართველ მწარმოებლებს 40-45 000 ტონის წარმოების პოტენციალი გააჩნიათ.
მუხრანის ქათამის - „განთიადი“ ხელმძღვანელი მამუკა ნოზაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ იმ სირთულეებზე საუბრობს, რომელიც ადგილობრივი ფერმერების წინაშე დგას. მისი თქმით, თუ ბიზნესის ხელშეწყობა არ მოხდა, მალე საქართველოში მეფრინველეობა საბოლოოდ განადგურდება.
„ვითარება იმდენად რთულია, რომ ადგილობრივი წარმოებები ყოველდღე ჩერდებიან. ამის მიზეზია ლარის გაუფასურება და ძვირი ნედლეული, რომლესაც ვერ ვყიდულობთ. მეც ალბათ, უახლოეს მომავალში გავჩერდები. რასაც ადრე ვაწარმოებდი, იმის ნახევარზეც ვეღარ ავდივარ. სოფლის მეურნეობის ყველა პროდუქტი გათავისუფლებულია დღგ-სგან, მარტო ქათამი და კვერცხი იბეგრება. ამდენი ხანია მთავრობას ვეხვეწებით, ჩვენც გაგვათავისუფლონ გადასახადისგან, რომ როგორმე თავი გადავირჩინოთ. როგორც ჩანს, ჩვენთვის არ სცალიათ და შედეგად, საქართველოში მეფრინველეობის დარგი ნელ-ნელა ნადგურდება, იმპორტი კი იზრდება. ლარს ვერ ასტაბილურებენ და თუ დღგ-ს არ მოგვიხსნიან, პირწმინდად ყველა გავჩერდებით. სახლი, მანქანა უნდა გაყიდო, რომ როგორმე წარმოება გადაარჩინო, მაგრამ გასაყიდი ნივთებიც გამოგველია და მეტი გზა არ გვრჩება, მუშაობას შევაჩერებთ“,-აცხადებს მამუკა ნოზაძე.
ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ მეცხოველეობა-მეფრინველეობის მიმართულების ხელმძღვანელი მიხეილ ჭიჭაყუა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ადასტურებს, რომ საქართველოში ქათმის წარმოება გადასარჩენია. მისი თქმით, დამატებითი ღირებულების გადასახადი ადგილობრივი ნედლი ქათმის ფასს 20%-ით ზრდის, ამასთან, მეწარმეებს აიძულებს იმპორტირებული მარცვლეული შეიძინონ, რადგან ადგილობრივი დღს-გან თავისუფალია, რომლის გადახდაც ისევ მეფრინველეებს უწევთ.
„დამატებითი ღირებულების გადასახადი პროდუქციას თავისთავად აძვირებს. წარმოების დღგ-სგან გათავისუფლების შემთხვევაში გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ადგილობრივი ნედლეული, სიმინდი, ქერი და ა.შ. შევიძინოთ. შესაბამისად, პროდუქციას მოაკლდება 20%. დღგ-ს შემთხვევაში ჩვენ არ შეგვიძლია მარცვლეულის ადგილობრივი მწარმოებლისგან შეძენა, რადგან ამ დღგ-ს გადახდა ჩვენ გვიწევს. შესაბამისად, როდესაც ჩვენც თავისუფალი ვიქნებით, გვექნება შესაძლებლობა, რომ ადგილობრივი მარცვლეულიც მეფრინველეობაზე იყოს მიბმული და მათაც მიეცემათ საშუალება, რომ წარმოება განავითარონ“,-აცხადებს მიხეილ ჭიჭაყუა.
მისი თქმით, მეფრინველეობიდან სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლეობით 42 მილიონი ლარით ივსება, თუმცა დღგ-ს მოხსნის შემთხვევაში, რამდენიმე წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა გაცილებით მეტ მოგებას ნახავს, რადგან ადგილობრივი წარმოება განვითარდება.
„ასოციაციები მთავრობასთან ბევრჯერ შევიდნენ მოლაპარაკებებზე, თუმცა ხელისუფლება თავს იკავებს და ეს საქმე ადგილიდან არ დაძრულა. როგორც ჩანს, ამ 40- 42 მილიონს ვერ ელევიან“,-აცხადებს მიხეილ ჭიჭაყუა.
„მომავლის ფერმერის“ მონაცემებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებამ, ქვეყანაში ჩინური ქათმის იმპორტი გაზარდა. როგორც მიხელ ჭიჭაყუა განმარტავს, ამას ემატება ის ფაქტი, რომ ჩვენთან ხარისხის კონტროლი კატეგორიებად არ არის დაყოფილი, შედეგად იმპორტირებული გაყინული ქათმის ხორცი, რომელიც ხარისხით ნედლ ხორცზე გაცილებით იაფია, ადგილობრივს დიდ კონკურენციას უწევს.
„ჩინეთიდან შემოსულმა დიდი მოცულობის გაყინულმა ქათამმა 1 წელიწადში ქათმის ხორცხზე მოთხოვნა 16 000 ტონით გაიზარდა და 78 000 ტონაზე ავედით. ეს მაშინ, როდესაც ჩვენ მხოლოდ 21 000 ტონას ვაწარმოებთ. ხელშეწყობის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია 40 000-45 000 ტონაზე ავიდეთ. შემოსული გაყინული ქათამი კიდევ იაფია. ნედლი ხორცი ბევრად უკეთესია. ქათმის ხორცის ხარისხის განსაზღვრას ბევრი პარამეტრი სჭირდება. ჩვენთან ხარიხის მოთხოვნა კატეგორიებად არ არის დაყოფილი, შესაბამისად, შემოდის ყველა ხარისხის ხორცი, ამის პარალელურად კი ჩვენი ადგილობრივი წარმოება ჩერდება. ვინც 2000-3000 ქათამს აწარმოებდა, ახლა ვეღარ აწარმოებს. დაგროვილი პრობლემების შედეგად, საქმიანობას თავს ანებებენ. მახსოვს, წლების წინ, ჩვენს ასოციაციაში 1000-მდე ფერმერი იყო ჩართული, ახლა 100-ია დარჩენილი“,-აცხადებს მიხეილ ჭიჭაყუა.
მისი თქმით, მეფრინველეობის დღგ-სგან გათავისუფლება იქნებოდა კარგი სტიმული, რათა ქვეყანაში ეს დარგი განვითარდეს და ამასთან, პროდუქციის ფასი დასტაბილურდეს.
„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან ნედლი ხორცის ფასს დღგ 20%-ით აძვირებს, მისგან გათავისუფლებით იქმნება შესაძლებლობა, რომ ეს თანხა წარმოების განვითარებაში ჩაიდოს. გარდა ამისა, სახელმწიფოს შეუძლია, რომ ადგილობრივ წარმოებას ხარისხის მოთხოვნის გაზრდითაც შეუწყოს ხელი. იმიტომ, რომ ადგილობრივი ნედლი ხორცი ბევრად კარგია, ვიდრე იმპორტირებული გაყინული. მე ვფიქრობ, სირცხვილიცაა, ჩინეთიდან შემოდიოდეს ხორცი, მაშინ, როდესაც ჩვენ ყველანაირი რესურსი გვაქვს, რომ თავად ვაწარმოოთ და ამისთვის არაფერი კეთდება“,-აცხადებს მიხეილ ჭიჭაყუა.