„ევროკავშირის ქვეყნებმა ჯერაც ვერ წარმოადგინეს ადეკვატური ალტერნატივა და კვლავაც ძლიერ არიან დამოკიდებულები დოლარზე“, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტს დაუსვეს კითხვა, რა ალტერნატივას წარმოადგენს ევროკავშირი იმის პასუხად, რომ აშშ-მა დატოვა ირანთან არსებული შეთანხმება.
„მე ვფიქრობ, რომ დღეისათვის ევროპას არ აქვს დოლარის მკაფიო ალტერნატივა. რატომ? იმიტომ, რომ დოლარი მისი სიძლიერიდან გამომდინარე გვევლინება გლობალურ ლიდერად. და ჩვენ ჯერ ვერ შევძელით გაგვეხადა ევრო ასევე ძლიერი, როგორც დოლარია. ჩვენ კარგად ვიმუშავეთ, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ჩვენ ძალიან დამოკიდებული ვართ და ეს არის პრობლემა. ჩემთვის ეს არის პრობლემა სუვერენიტეტის კუთხითაც. სწორედ ამიტომ მე მსურს, რომ ჩვენ ვიმუშაოთ ინტენსიურად ჩვენს ფინანსურ ინსტიტუტებთან ევროპულ დონეზე და ყველა პარტნიორთან, რათა გავზარდოთ მისი პოტენციალი დოლარზე დამოკიდებულების შემცირების ხარჯზე. ეს არ არის ოპონენტის როლში გამოსვლა“, - განაცხადა მაკრონმა.
მისივე თქმით, მსოფლიო ეკონომიკურ სტაბილურობას სჭირდება ისეთი მყარი ვალუტა როგორიცაა დოლარი, თუმცა საჭიროა ცალკეული ალტერნატივებიც. „ევრო უნდა იქცეს ასეთ ალტერნატივად“, - დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
კოკა კვირკველია