ფინანსთა სამინისტრო თამბაქოს ადგილობრივი წარმოების მიერ ფილტრიანი სიგარეტის უფილტროდ გასაღების საკითხს სწავლობს

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, სამინისტრო ექსპერტებთან ერთად თამბაქოს ადგილობრივი წარმოების მიერ ფილტრიანი სიგარეტის უფილტროდ გასაღების საკითხს სწავლობს.როგორც ცნობილია, როცა მომხმარებელი ადგილობრივი წარმოების ე.წ. უფილტრო სიგარეტის კოლოფს ყიდულობს, "საჩუქრად" ზუსტად 20 ცალი ფილტრი მოჰყვება. ასეთი თამბაქოს სარეალიზაციო ფასი იმპორტირებულთან შედარებით 1-1,5 ლარით ნაკლებია და მომხმარებელიც ბევრი ჰყავს. თამბაქოს ბიზნესის მიერ ფილტრიანი სიგარეტის უფილტროდ გასაღებით კი სახელმწიფო ბიუჯეტს წელიწადში ათეულობით მილიონი ლარის გადასახადი აკლდება.

როგორც „პალიტრანიუსის“ კითხვის საპასუხოდ ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, თუ ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტის აქციზი, რომელსაც ფილტრი ცალკე მოჰყვება, ფილტრიანი სიგარეტის აქციზთან გათანაბრებას დაექვემდებარება, აუცილებლად გათანაბრდება.

„ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს და კანონის ფარგლებში მოვიქცევით. თუ ექვემდებარება აქციზი გათანაბრებას - გავათანავბრებთ. ამაზე მუშაობს ჯგუფი, მათ შორის ექსპერტები, როგორც სამინისტროს შიგნით, ისე სხვა უწყებებთან ერთად და მოვიქცევით ისე როგორც კანონს შეესაბამება.“-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც ცნობილია სიგარეტზე აქციზის გადასახადი 2017 წლის 1-ლი იანვრიდან გაიზარდა. დღეს უფილტრო სიგარეტის ღირებულებაში აქციზის ფასი 60 თეთრი, ხოლო ფილტრიანის 1,70 ლარია.

ქრისტინე გამთენაძე