საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრ ხალიდ ალ ფალიჰის განცხადებით, OPEC-მა და კარტელის მოკავშირეებმა მოილაპარაკეს, რომ ბაზრის დასაბალანსებლად, დღიური მიწოდების 1 მილიონი ბარელით შემცირებაა საჭირო.
ბაზრის ტექნიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ მომავალ წელს ნავთობზე მოთხოვნა შემცირდება და თუ მიწოდება შესაბამისად არ შემცირდა, ფასების მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი. ალ ფალიჰმა ასევე განაცხადა, რომ საუდის არაბეთის მთავრობას, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) დაშლის გადაწყვეტილება არ მიუღია.
საუდის არაბეთი OPEC-თან ერთად, დღიური მიწოდების 1 მილიონი ბარელით შეკვეცას დეკემბერშივე გეგმავს. ამ ინფორმაციის გავრცელებას, ნავთობზე ფასების ზრდა მოჰყვა. ბრენტ მარკის ბარელი ნვთობის ფასი 1.74 პროცენტით, 71.40 დოლარამდე გაიზარდა, დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) ფასი კი 0.73 პროცენტით გაიზარდა და 60.92 დოლარს მიაღწია.
თავად საუდელები ნავთობის მიწოდებას დეკემბერში 500 ათასი ბარელით შეამცირებენ. მათ სურთ, რომ ბაზარს ამდენივე ორგანიზაციის სხვა წევრებმაც მოაკლონ. ოღონდ ამაზე თანხმობა ჯერ მიღწეული არ არის. ალ ფალიჰი ამბობს, რომ მოთხოვნის სეზონური კლების გამო, დეკემბერში საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა ნოემბერთან შედარებით, 500 ათასი ბარელით მოიკლებს.
ნავთობის ფასის უფრო მკვეთრად ზრდას ხელი შეუშალა იმ ფაქტმა, რომ კომპანია „ბეიკერ ჰიუზის“ მონაცემებით, შეერთებულ შტატებში ბოლო კვირაში ჭაბურღილების რიცხვი 12 ერთეულით, 886-მდე გაიზარდა, რაც „როიტერსის“ ინფორმაციით, 2015 წლის მარტის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.