პირთა ნაწილი, ვინც ბინას აქირავებს, შესაძლოა, აღარ დაიბეგროს.
აღნიშნული კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში უკვე წარდგენილია. პროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, ხოლო ინიციატორი „ევროპული საქართველოა“.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ცვლილების მიზანია ქვეყანაში უძრავი ქონების გაქირავებასთან დაკავშირებით არსებული მაღალი ფასების დაწევა.
როგორც ცნობილია, უძრავი ქონების საცხოვრებელი მიზნით გაქირავებისას, პირი იხდის 5%-ს, თუმცა, კანონპროექტის მიხედვით, ის პირები, რომლებიც უძრავი ქონების იჯარით გაცემიდან (გაქირავებიდან) შემოსავლების სახით წელიწადში 30 000 ლარზე ნაკლებს მიიღებენ, აღარ დაიბეგრებიან.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, ეს ცვლილება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, თუ მთავრობის მიერ მომზადებული ბიუჯეტის ახალი კანონპროექტის მიხედვით, გაქირავებისას გადახდილი გადასახადები წავა სახელმწიფო ბიუჯეტში და არა თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში.
„თუ ჩავხედავთ კონსოლიდირებული ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებას, ვნახავთ, რომ გადასახადი ფიზიკური პირის მიერ ქონების იჯარის შედეგად მიღებული შემოსავლები (შემოს. კლას. კოდი 1111111) 2017 წელს 32.6 მლნ ლარი იყო, რომლის სრული თანხა მიდის ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში, თუმცა, 2019 წლიდან მოცემული კოდის მქონე შემოსავლები წავა სახელმწიფო ბიუჯეტში.
აღსანიშნავია, რომ მოცემული ცვლილება და ინიციატივა ეხება მხოლოდ იმ პირებს, რომელთა წლიური ბრუნვა 30 000 ლარზე ნაკლებია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოცემული რიცხვი ყველაზე კონსერვატიული გათვლით ყოველწლიურად 10%-ით იზრდება. შესაბამისად, მაქსიმალური თანხა, რაც სახელმწიფო შემოსავლებს მოაკლდება 2019 წელს, 39.5 მლნ ლარი იქნება,“-აღნიშნულია პროექტში.