„ვიზეარის“ 30-მდე მგზავრი მილანიდან საქართველოში გამოფრენას ვერ ახერხებს

საქართველოს 30-მდე მოქალაქე, მილანიდან საქართველოში გამოფრენას უკვე რამდენიმე საათია ვერ ახერხებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია Wizz Air-თან საკომუნიკაციო პირმა განუცხადა, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა და კომპანიის ოფიციალური პოზიცია ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მგზავრები ამბობენ, რომ ისინი რეგისტრაციის გასავლელად დროულად მივიდნენ, თუმცა თვითმფრინავში არ შეუშვეს.

„მიზეზი არ ვიცით, არავინ არაფერი არ გვითხრა. პირველი ვერსია არის, რომ რაღაც ახალი რეგულაცია მიუღიათ ბარგთან დაკავშირებით, რამაც გაწელა ბარგის ჩაბარების პროცესი. მეორე ვერსია იყო, რომ უფრო მეტი ბილეთი გაიყიდა, ვიდრე ადგილი იყო და ვინც ვერ ჩაეტია თვითმფრინავში, ის არ შეუშვეს,“ - ამბობს ერთ-ერთი მგზავრი.