„საბანკო სექტორი ამ ეტაპზე რეგულაციებისთვის მზად არ არის“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახაბერ კიკნაველიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, „უფრო დიდია შანსი, რომ რეგულაციები საბანკო სექტორზე 15 ნოემბრიდან არ ამოქმედდეს, ვიდრე ალბათობა იმისა, რომ გავრცელდეს“.
„ბანკებს სჭირდებათ დრო იმისათვის, რომ ხელმოწერის შემდეგ სისტემის დანერგვა მოხდეს. საბანკო სექტორი ამ ეტაპზე რეგულაციებისთვის მზად არ არის და რეგულაციები საფინანსო სექტორის ზრდას შეამცირებს“, - განაცხადა კიკნაველიძემ.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის დადგენილებით, „ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის შესახებ“ ახალი რეგულაციები საბანკო სექტორზე 1-ლი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა აღნიშნულმა ვადამ 15 ნოემბრამდე გადაიწია. მაგრამ დღემდე უცნობია, ამოქმედდება თუ არა ახალი რეგულაციები 2 დღეში. დანარჩენ საფინანსო სექტორზე კი რეგულაციების გავრცელება 2019 წლის იანვრიდან იგეგმება.
ქრისტინე გამთენაძე