ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე დადებითად აფასებს ბიუჯეტის პროექტში მათი რეკომენდაციების გათვალისწინებას, თუმცა თვლის, რომ 2019 წლის ბიუჯეტი კვლავინდებურად არის ბიუროკრატიული და გაზრდილია საგარეო ვალის ხარჯზე.
„პირველი მოსმენის შემდეგ გვქონდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, მათ შორის შშმ პირებისათვის პენსიის გაზრდა, მეორე ჯგუფის ამ კატეგორიის ადამიანებისთვის. მათ განაცხადეს უარი და ახლა კიდევ კარგი, რომ 17 მილიონი დაუმატეს. ხანდახან კარგია, რომ პოლიტიკური მარცხი და შიში საბიუჯეტო გადაწყვეტილებებს მიაღებინებთ ხოლმე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რეკომენდაციები გაითვალისწინეს, ეს ბიუჯეტი კვლავინდებურად არის ბიუროკრატიული, უამრავი უსარგებლო ხარჯია. იზრდება და იზრდება შიდა და საგარეო ვალი და ფაქტიურად, ვცხოვრობთ მომავალი თაობის ხარჯზე. ბიუჯეტი დეფიციტურია, რომელიც პრობლემას შეუქმნის მომავალში ფასების სტაბილურობას. მომავალი წლის ბიუჯეტს მძიმედ დააწვება ამ წლის შეუსრულებელი ბიუჯეტის ერთი მილიარდი ლარი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.