იაპონიის ხელისუფლება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 260-340 ათასი უცხოელის დასაქმებას გეგმავს.
ამჟამად ქვეყანაში უცხოელების დასაქმებაზე მკაცრი შეზღუდვები არსებობს. აღნიშნული ზომის მიღება ქვეყანაში სამუშაო ძალის სიმცირით არის განპირობებული. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო Kyodo ავრცელებს.
2019 წლის 1-ელ აპრილს ფინანსური წლის დასაწყისში უკვე ნავარაუდევია უცხოელებისთვის 33-დან 47 ათასამდე სამუშაო ადგილის გამოყოფა. აღნიშნული ციფრები სახელდება იაპონიის პარლამენტში შრომის კანონდებლობაში შესატანი კორექტივების დოკუმენტზე დაყრდნობით. ამ ცვლილებების მიღება ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებაზე დღემდე არსებულ მკაცრ შეზღუდვებზე უარს ამბობს.
დღეისათვის იაპონიაში დასაქმებაზე თანხმობას მხოლოდ მაღალკვალიფიციურ კადრებს აძლევენ. უცხო მუშა-ხელის გამოყენება აკრძალულია ფიზიკური შრომის ნაწილში, თუმცა ბოლო წლებში მცირედი შემსუბუქება აქაც შეიმჩნევა.
ახლა კი ხელისუფლება გეგმავს 14 სექტორში გახსნას უცხოელი შრომითი მიგრანტებისთვის სამუშაო ადგილები. ეს არის სფეროები, სადაც ყველაზე მეტად არის ცოცხალი მუშა-ხელის დეფიციტი. პირველ რიგში ესაა მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, ავადმყოფებისა და მოხუცების მოვლა.
იაპონური ენის მცოდნე უცხოელებზე გაიცემა ვიზები ხუთ წლამდე ვადით, იაპონიაში ოჯახის წაყვანის გარეშე. მაღალკვალიფიციურ მუშა-ხელს კი გარკვეული პერიოდის შემდეგ მიეცემა მისი ოჯახის ჩამოყვანის შესაძლებლობა და მუდმივი ცხოვრების უფლება.
კოკა კვირკველია