ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ზამთრის კურორტები სრულად არის გამართული, ასევე ყველა საბაგირომ გაიარა სარემონტო სამუშაოები და ტექნიკური დათვალიერება.
როგორც უწყებაში განაცხადეს, 8 დეკემბერს სეზონი ოფიციალურად გაიხსნება კურორტ „გოდერძიზე“, ხოლო „გუდაურში“ - 15 დეკემბერს. ამასთან, დიდველის სათხილამურო ტრასა დამსვენებლებს 8 დეკემბრიდან მიიღებს, თეთნულდი-ჰაწვალის და კოხტა-მიტარბის ტრასები - 22 დეკემბერს.
„კურორტები სრულად გამართული და განახლებული ხვდება დამსვენებელს. გუდაურში მოცულობითი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. უამრავი სიახლე დახვდება დამსვენებელს, ეს იქნება ფაქტობრივად, ახალი გუდაური. რაც შეეხება დანარჩენ კურორტებს, ყველა კურორტი მზად არის ვიზიტორების მისაღებად, საბაგიროებს ჩაუტარდა გეგმური სარემონტო სამუშაოები, სათხილამურო გზები იწმინდება ქვებისგან, საბაგიროს ოპერატორებმა გაიარეს გადამზადების კურსი“, - აცხადებენ სამინისტროში.
მათივე განმარტებით, ყველა საბაგირომ გაიარა სარემონტო სამუშაოები და ტექნიკური დათვალიერება.
„საბაგირო „საძელეზე“ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და 3 დეკემბერს დასრულდება, კომპანია „დოპელმაიერისა“ და „ბიუროვერიტასის“ მიერ მოხდება ინსპექტირება. საბაგირო გონდოლა შემოწმდა ფრანგული კომპანია „პომას“ მიერ და სრულად გამართულია. საბაგირო „შინოც“ შემოწმდა და ასევე წესრიგშია. რაც შეეხება დანარჩენებს, როგორც მოგეხსენებათ, ამ წუთასაც მიმდინარეობს მშენებლობა გუდაურში, სრულიად ახალი საბაგიროები იქნება „პირველი", „სოლიკო", „ახალი კუდები". რაც შეეხება „ძველ კუდებს“, მისი რენოვაცია მოხდა და ყველა ეს საბაგირო სეზონზე აქტიურად იფუნქციონირებს, რიგების განტვირთვასაც შეუწყობს ხელს, რადგან ამ ახალი საბაგიროების გამტარუნარიანობა 3 ჯერ მეტია“, - აცხადებენ სამინისტროში.