ავიაკომპანია Wizz Air მილანის აეროპორტში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ავიაკომპანია Wizz Air მილანის აეროპორტში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„Wizz Air უარყოფს გავრცელებულ ცრუ ბრალდებას იმის თაობაზე, რომ 12 ნოემბერს დაგეგმილ რეისზე W6 6412 (მილანი „მალპენსა“ - ქუთაისი ) თვითმფრინავის ბორტზე ხელმისაწვდომ ადგილებზე მეტი ბილეთი გაიყიდა. ზოგიერთი მგზავრი გამგზავრების აეროპორტში დროულად არ გამოცხადდა, ზოგიერთმა მგზავრმა კი რეგისტრაციის დროს უარი თქვა ბარგის მოსაკრებლის გადახდაზე, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა რეგისტრაციის პროცედურა მილანის „მალპენსას“ აეროპორტში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენიმე მგზავრმა რეგისტრაციის გავლა დადგენილ ვადაში ვერ მოახერხა და ვერ მოხვდა ავიახომალდის ბორტზე.

Wizz Air ყველა მგზავრს თხოვს, გამგზავრების აეროპორტში გამოცხადდეს მინიმუმ 2 საათით ადრე, ჩასხდომის გასასვლელთან კი მინიმუმ 40 წუთით ადრე. ავიაკომპანიამ სულ ახლახანს დაამკვიდრა ბარგის გადატანის ახალი, გამჭვირვალე და სამართლიანი პოლიტიკა, რომელიც მომხმარებლებს ბარგის ვარიაციების უპრეცედენტოდ მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ამასთან, ყველა მგზავრს Wizz Air-ის ნებისმიერ რეისზე საშუალება აქვს, ავიახომალდის ბორტზე აიტანოს ერთი უფასო ხელბარგი. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://wizzair.com/ka-ge/information-and-services/travel-information/baggage#/", - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს 30-მდე მოქალაქე, მილანიდან საქართველოში გამოფრენას უკვე რამდენიმე საათია ვერ ახერხებს.

მგზავრებმა განაცხადეს, რომ ისინი რეგისტრაციის გასავლელად დროულად მივიდნენ, თუმცა თვითმფრინავში არ შეუშვეს.

„მიზეზი არ ვიცით, არავინ არაფერი არ გვითხრა. პირველი ვერსია არის, რომ რაღაც ახალი რეგულაცია მიუღიათ ბარგთან დაკავშირებით, რამაც გაწელა ბარგის ჩაბარების პროცესი. მეორე ვერსია იყო, რომ უფრო მეტი ბილეთი გაიყიდა, ვიდრე ადგილი იყო და ვინც ვერ ჩაეტია თვითმფრინავში, ის არ შეუშვეს,“ - ამბობს ერთ-ერთი მგზავრი.