ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მონაცემებით, 2030 წლისთვის მსოფლიოში ენერგიის მეორე უდიდესი წყარო ბუნებრივი გაზი გახდება, რომელიც ამ პოზიციას ქვანახშირს დაათმობინებს.
მსოფლიოში სულ უფრო იზრდება გაზის, როგორც ნახშირის ალტერნატივის მოხმარება, რასაც ხელს ის გარემოება უწყობს, რომ გაზის გამონაბოლქვი გაცილებით ნაკლებად აზიანებს გარემოს, ვიდრე ნახშირის.
IEA-ს პროგნოზის შესაბამისად, მსოფლიოში ენერგიის მოხმარება 2017-2040 წლებში მეოთხედზე მეტით გაიზრდება. ზრდის უმეტესი ნაწილი, განახლებად წყაროებზე მოვა. ასევე ენერგიის დამატებითი რესურსების მოზიდვას, მისი უფრო ეფექტურად მოხმარება უზრუნველყოფს. იმავდროულად, გაზის მოხმარება 2040 წლამდე პერიოდში, წლიურად 1.6 პროცენტით მოიმატებს და ახლანდელი მოხმარების მოცულობაზე 45 პროცენტით მეტით გაიზრდება.
პროგნოზი ეფუძნება „ახალი პოლიტიკის სცენარს“, რომელშიც გათვალისწინებულია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ღონსძიებები, რომლების შესაბამისადაც, იცვლება გამონაბოლქვზე მოთხოვნები და სტანდარტები. ამას კი შედეგად ენერგეტიკაში ახალი ტრენდების ჩამოყალიბება მოსდევს.
მსოფლიოში ნავთობის და ნახშირის ყველაზე დიდი მომხმარებელი და იმპორტიორი ჩინეთია. მაგრამ ეს ქვეყანა სწრაფი ტემპით ზრდის გაზის იმპორტს და ამ მხრივაც, მალე მსოფლიოში პირველი გახდება. თუმცა „როიტერსის“ მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ბუნებრივი გაზის იმპორტის მოცულობით, ჩინეთმა უკვე ჩამოიტოვა იაპონია, რომელიც გაზის იმპორტის მხრივ, მსოფლიო ლიდერად არის აღიარებული. რაც შეეხება გაზის მოხმარებას, ამ მხრივ ჩინეთს ჯერჯერობით მესამე ადგილი უკავია შეერთებული შტატების და რუსეთის შემდეგ.