„გოლდმენ საქსი“ 2020-იან წლებში ნავთობის დეფიციტს პროგნოზირებს

„გოლდმენ საქსის“ ინფორმაციით, ნავთობის მსოფლიო ბაზარზე მალე დეფიციტია მოსალოდნელი, რადგან მომპოვებელი კომპანიები მოპოვების და წარმოების განვითარებაზე საკმარის ინვესტიციებს არ ახორციელებენ.

მსოფლიოს უდიდესი კომპანიები ამჟამად დიდ თანხებს ხარჯავენ ენერგეტიკის ისეთ სფეროებში, რომლებშიც ორგანული საწვავი ნაკლებად გამოიყენება. მათ ამას აიძულებს ახალი რეგლამენტები, რომლებიც გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობას ზღუდავს. შესაბამისად, ინვესტორებიც ახალი ტრენდებით უფრო მეტად ინტერესდებიან და ორგანული წყაროების მოპოვებისთვის სულ უფრო ნაკლებ თანხებს იმეტებენ.

„ბაზარზე 2020 წელს ნავთობის ფიზიკური დეფიციტი შეიქმნება, რადგან ნავთობის მოპოვების განვითარებაზე სრულფასოვან ინვესტიციას არავინ ახორციელებს. იმავდროულად, აქტუალურია ნახშირბადის დაბალი შემცველობის მიმართულება“, - CNBC-სთან საუბრისას ამბობს „გოლდმენ საქსის“ ბუნებრივი რესურსების კვლევის შეფი მიშელ დელა ვინია.

მისივე თქმით, დიდი ნავთობკომპანიები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ ინვესტორების მოსაზიდად, მათ სულ უფრო მეტად უნდა წარმოაჩინონ, რომ ნახშირბადოვანი გამონაბოლქვისგან ატმოსფეროს დაცვას ცდილობენ. ამისათვის კი საჭიროა, რომ მათ ენერგიის ახალი წყაროების და ახალი ტექნოლოგიების განვითარებას შეუწყონ ხელი.

„გოლდმენ საქსის“ ანალიტიკოსი დასძენს, რომ ნავთობის კომპანიებისთვის თვალსაჩინო მაგალითია ქვანახშირის ბაზარი, რომელიც სწორედ ამ რესურსის მაღალნახშირბადოვანი ხასიათის გამო, ბოლო 5 წელიწადში მნიშვნელოვნად შეიკვეცა.