„გერმანული კომპანიები ნაკლებად ინტერესდებიან უძრავი ქონების სექტორით, მაგალითად, საცხოვრებელი აპარტამენტების ყიდვით ბათუმში“, - განაცხადა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშიმ.
ელჩი ამბობს, რომ საქართველოში მუშაობის დაწყების პირველივე დღეებში ის იმ გერმანელ ბიზნესმენებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ.
„ეს არის გერმანული ბიზნეს-ასოციაცია, რომელშიც თითქმის 200 წევრი ერთიანდება. ვფიქრობ გერმანული ბიზნესი დაინტერესებულია, ასე ვიტყოდი, საქართველოს ეკონომიკის რეალური სექტორით, ეს არის სამშენებლო მასალები, სოფლის მეურნეობა, ლოგისტიკა. ვიმედოვნებ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია იქნება წარმოების სფეროში. გერმანული კომპანიები ნაკლებად ინტერესდებიან უძრავი ქონების სექტორით, მაგალითად, საცხოვრებელი აპარტამენტების ყიდვით ბათუმში. გერმანული ბიზნესის მიმართულება არ არის ეს, არამედ ისეთი რაღაც, რაც პირდაპირ პროდუქტიულია. ვფიქრობ, ეს არის ის, რაც ქმნის გრძელვადიან გერმანულ-ქართულ ურთიერთობებს და რაც ასევე აძლიერებს მას“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა.
საქართველოში გერმანიიდან განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2018 წლის მეორე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, წელს მეორე კვარტალში ქვეყანაში 13,244 მლნ დოლარის გერმანული ინვესტიცია შემოვიდა, შარშან ანალოგიურ პერიოდში კი 1,609 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. მიუხედავად ამისა, გერმანული ინვესტიციების წილი მთლიან ინვესტიციებში მხოლოდ 3,4%-ს შეადგენს.