"ლარის ბოლო პერიოდის მერყეობა იყო აბსოლუტურად სპეკულაციური და იმ პოპულიზმით გამოწვეული, რაც საქართველოშია"

ძალიან ცუდია, როდესაც ყველაფრის შეფასება ლარის დოლართან მერყეობით ხდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, ლარის მცურავი კურსი შენარჩუნდება.

“ლარის თემას ყველა ბრუნვაში ვატრიალებთ. ძალიან ცუდია, როდესაც ყველაფრის შეფასება ლარის დოლართან მერყეობით ხდება - დაწყებული როგორი ეკონომიკური მდგომარეობაა, დასრულებული იმით, რა მოუვიდა პენსიას. ამ დროს ინფლაცია მიზნობრივზე დაბალია. მოხდა ტერმინების ჩანაცვლება და ამ ორი რამის გაიგივება“, - განაცხადა მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, ლარის ბოლო პერიოდის მერყეობა იყო აბსოლუტურად სპეკულაციური და იმ პოპულიზმით გამოწვეული, რაც საქართველოშია. “დღეს მთელს მსოფლიოში ყველაზე დიდი პრობლემა და ყველაზე დიდი საფრთხე არის ზღვარგადასული პოპულიზმი. მძვინვარე პოპულზმი არყევს და ანგრევს ეკონომიკას“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

პარლამენტი 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს იხილავს, რომელიც დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა წარუდგინა.