გუდაურში სასტუმროების ნაწილი საახალწლოდ მთლიანად დაჯავშნილია - გაძვირდა თუ არა წელს კურორტზე დასვენება?

2018-2019 წლის ზამთრის საკურორტო სეზონის გახსნამდე ერთ თვეზე ნაკლებია დარჩენილი, თუმცა გუდაურში მდებარე სასტუმროების ნაწილში ახალი წლის პერიოდში ნომრების დიდი ნაწილი უკვე დაჯავშნილია.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ რამდენიმე ადგილობრივ სასტუმროში განუცხადეს, ჯავშნების აბსოლუტური უმრავლესობა უცხოელ ტურისტებს ეკუთვნის, მათი უმეტესობა კი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან არიან.

„ნომრების დაჯავშნა უკვე დაიწყო. მეტიც, საახალწლო პერიოდი „მარკო პოლოში“ მთლიანად გაყიდულია, „ალპინაში“ კიდევ გავაქვს ადგილები. ჯავშნების აბსოლუტური უმრავლესობა ტურისტებს ეკუთვნის. ძირითადად სტუმრები არინ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან - რუსეთი, უკრაინა, ბელორუსი, მოლდოვა და ა.შ. რაც შეეხება მთლიან ზამთრის სეზონს, შემიძლია ვთქვა, რომ ნომრების 15% უკვე დაჯავშნილია. ფასები ზუსტად იგივეა, რაც გასულ წელს იყო“,-აღნიშნავს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას სასტუმრო „მარკო პოლოს“ გაყიდვების მენეჯერი ირაკლი მამფორია.

თებერვლამდე ნომრების 50% უკვე დაჯავშნილია „Quadrum-ში“. როგორც სასტუმროს ხელმძღვანელი ირაკლი ერისთსავი აცხადებს, ყველა ჯავშანი ტურისტებს ეკუთვნის.

„ჩვენს სასტუმროში 50% უკვე დაჯავშნილია უცხოელ ტურისტების მიერ. ჯავშნები ჯერჯერობით, თებერვლის დასაწყისამდე გვაქვს. რაც შეეხება ფასებს, გასული წლის ანალოგიური იქნება, არ მოიმატებს. მხოლოდ ახალი წლის ღამეს არის ფასები ყოველთვის განსხვავებული. ზოგადად, ჩვენთან ფასები 80$-დან 200$-მდეა“,-აცხადებს ირაკლი ერისთავი.

ნომრების 70% დაჯავშნილია „გუდაურაში“. როგორც სასტუმროს დირექტორი ირაკლი კუტალია ამბობს, ჯავშნები აქაც მთლიანად უცხოელ ტურისტებზე მოდის.

„ჩვენთან 65-70% უკვე დაჯავშნილია და ყველა შეკვეთა ტურისტებზე მოდის. ძირითადად ესენი არიან უკრაინიდან და რუსეთიდან, თუმცა, ევროპიდანაც არიან, ძირითადად, ბალტიისპირეთიდან. ჯერჯერობით, ჯავშნები აპრილამდე გვაქვს. ფასები არ გაძვირებულა, იგივეა, რაც შარშან იყო. ნომრების ღირებულება 250-დან 400-ლარამდეა“,-აცხადებს ირაკლი კუტალია.

ნინი ქეთელაური