რაში ხარჯავენ ყველაზე მეტ ფულს უცხოელი ტურისტები საქართველოში

2018 წლის მე-3 კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 3.1 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 36.5 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ვიზიტზე საშუალო ხარჯი წინა წელთან შედარებით 25 პროცენტით გაიზარდა და 1,179 ლარი შეადგინა.

„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტ ფულს ვიზიტორები საკვებსა და სასმელში ხარჯავენ. კერძოდ, მიმდინარე წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით, საკვებსა და სასმელზე საშუალო ხარჯმა ვიზიტზე 355.5 ლარი შეადგინა. მეორე ადგილს, 303.9 ლარით განთავსება იკავებს, 221.7 ლარით კი მესამე ადგილზე გართობაა.

რაც შეეხება სხვა ხარჯებს, სტატისტიკური მონაცემებით საყიდლებზე გაწეული ხარჯი - 132.3 ლარი; ადგილობრივ ტრანსპორტზე - 79.4 ლარი, ხანგრძლივ მოხმარების საგნებზე - 54.7 ლარი, ძვირფას ნივთებზე 3.8 ლარი; ყველა სხვა ხარჯი კი 27.7 ლარია.