ნიუ-იორკის მერი Amazon-ის მეორე სათაო ოფისის გახსნით 13,5 მლრდ დოლარის შემოსავალს ელოდება

ნიუ-იორკის მერის ბილ დე ბლაზიოს გათვლებით, მის ქალაქში კომპანია Amazon-ის ახალი სათაო ოფისის გახსნით, ქალაქის ბიუჯეტი გადასახადებიდან 13,5 მილიარდი დოლარის შემოსავალს მიიღებს. ამის შესახებ მან „ტვიტერში“ დაწერა.

„ჩვენ ნიუ-იორკში ვზომავთ წარმატებას, თუ რამდენად მოიგებენ უბრალო ნიუ-იორკელები. Amazon-ის მეორე სათაო ოფისი ჩვენს ქალაქს 13,5 მილიარდი დოლარის შემოსავალს მოუტანს, ასევე შექმნის დამატებით 40 ათას ახალ სამუშაო ადგილს. ეს იქნება ყველაზე მსხვილი სამუშაო ადგილის შექმნა ჩვენი ქალაქის ისტორიაში“, - დასძინა მან.

მერმა მადლობა უთხრა ამავე შტატის გუბერნატორს ენდრიუ კუომოს საქმეში შეტანილი წვლილისთვის. როგორც ცნობილია, „ამაზონმა“ კონკურსი, რომელსაც უნდა გამოევლინა ქალაქი, სადაც კომპანიის მეორე სათაო ოფისი გაიხსნებოდა, რამდენიმე კვირის წინ გამოაცხადა. ნოემბრის დასაწყისში კუომომ იხუმრა, რომ ზედმეტსახელად „ამაზონს“ დაირქმევდა, თუ კომპანია მეორე სათაო ოფისს ნიუ-იორკში მოაწყობდა.

როგორც ცნობილია, Amazon-მა უკვე სამშაბათს გამოაცხადა, რომ კომპანიის ახალი სათაო ოფისები განლაგდება ნიუ-იორკსა და ვაშინგტონის შემოგარენში, არლინგტონის ოლქში. კომპანია გეგმავს 5 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას და დამატებით 50 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას ამ ორ ახალ ოფისში. გარდა ამისა, „ამაზონში“ აცხადებენ, რომ შექმნის დამატებით პუნქტს ქალაქ ნეშვილში, რომელიც შეკვეთების დამუშავებაზე იქნება პასუხისმგებელი. იქ როგორც მოსალოდნელია, 5 ათასი ადამიანი დასაქმდება.

„ამაზონმა“ არჩევანი 200 ქალაქს შორის გააკეთა, რომელთაგან საბოლოოდ 20 შეარჩია და ამ ოციდან უკვე ორი გამარჯვებული გამოაცხადა.

კოკა კვირკველია