„მამუკა ბახტაძემ პრემიერად დანიშვნისას პირველი განცხადება სამთავრობო ავტოპარკის 1200 მანქანით შემცირებაზე რომ გააკეთა, ერთი მანქანა მაინც გაიყიდა?"

მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრად დანიშვნისას პირველი განაცხადება სამთავრობო ავტოპარკის 1200 მანქანით შემცირებაზე რომ გააკეთა, ერთი მანქანა მაინც გაიყიდა? - აღნიშნული კითხვით მმართველ გუნდს პარლამენტის ტრიბუნიდან ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ მიმართა.

„მამუკა ბახტაძემ, რომელმაც გაკოტრებული რკინიგზა დატოვა და მთავრობაში მოვიდა, პირველი განცხადება იმის შესახებ გააკეთა, რომ ავტოპარკს 1200 მანქანით შეამცირებდა, მთავრობის სტრუქტურებიდან მანქანებს ამოიღებდა და აუქციონზე გაყიდდა. ყოჩაღ რა! - ესე იგი, შემოვიდოდა ფული, 1500 ბიუროკრატი მანქანებიდან გადმოვიდოდა, 1500 ტონა ბენზინი, პრივილეგიები და მომსახურების ხარჯები დაიზოგებოდა. სად არის 1200 მანქანა - ერთი მანქანა მაინც გაყიდა ვინმემ?“ - მიმართა პარლამენტს რომან გოცირიძემ.

ამ კონტექსტში დეპუტატმა პარლამენტის მაგალითზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტის 15 კომიტეტის თავმჯდომარეს 15 მანქანა ემსახურება, 15 მანქანა ემსახურება კომიტეტის თავმჯდომარეების პირველ მოადგილეებს, პარლამენტის თავმჯდომარეს ჰყავს შვიდი მოადგილე თავისი აპარატებითა და მომსახურე პერსონალით.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა გრძელდება.

ლიკა ამირაშვილი