საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი თელავში კახეთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას შეხვდა და რეგიონში დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების პრეზენტაცია წარადგინა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ და დისკუსიაში მონაწილეობდნენ - სამი მუნიციპალიტეტის (თელავი, გურჯაანი, ახმეტა) მცხოვრებლები, უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, მეწარმეები, არასამთავრობო სექტორის, გუბერნიისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების მაჟორიტარები.
მაია ცქიტიშვილმა რეგიონში სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე პროექტებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.
,,დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება კახეთში დაგეგმილი პროეტების პრეზენტაციას. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა აზიის განვითარების ბანკთან ერთად ორ რეგიონში - კახეთსა და სამეგრელოში განვახორციელოთ მასშტაბური პროექტები, რომლებიც ემსახურება როგორც ინფრასტრუქტურის, ისე რეგიონულ განვითარებას. ეს პროექტები საჯაროდ განვიხილეთ მოსახლეობასთან, სტუდენტებთან. ასეთი საჯარო განხილვები არის ჩვენთვის შესაძლებლობა, მოვისმინოთ მათი მოსაზრებები, გავიგოთ რა პრიორიტეტები აქვს მოსახლეობას და გავითვალისწინოთ ჩვენს პროექტებში,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
შეხვედრაზე ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მშენებლობის, წყალმომარაგების სისტემების გამართვის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებასა და მართვას, მათ შორის, ალაზნის ნაპირის გამაგრებისა და ჯებირების მოწყობის საკითხს, სასწრაფო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების, სკოლებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობას, კულტურულ და სპორტულ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ტურიზმის განვითარების მნიშვნელობას.
სამინისტროს ინფორმაციით: ბოლო წლებში კახეთში-რეაბილიტაცია ჩაუტარდა 82 კმ გზას, განხორციელდა 3 ნაპირსამაგრი პროექტი. ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს 9 პროექტზე, რომლის ფარგლებში აშენდება 15 კმ. გზა და 6 ხიდი. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ უდაბნოს 40 წლიანი უწყლობის შემდეგ უწყვეტი წყალმომარაგება აქვს, აშენდა 8 ახალი საბავშვო ბაღი, სადაც 600 ბავშვს ემსახურებიან და დამატებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა 46 საბავშვო ბაღს, ასევე - 18 კულტურის ობიექტს. დასრულდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმაზე მუშაობა, რომლის ფარგლებშიც დამუშავდა თუშეთის დასახლებების განაშენიანების რეგულირების გეგმები, მიმდინარეობს თელავის გენერალური გეგმის შემუშავების ბოლო ეტაპი, რომელიც დასრულდება დეკემბრის პირველ ნახევარში.