საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საფინანსო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ სესხის გაცემის ახალი კოეფიციენტები დაადგინა.
სებ-ის ახალი ნორმატიული დოკუმენტის მიხედვით, 1 000 ან უფრო ნაკლები ყოველთვიური შემოსავლის შემთხვევაში, ჰეჯირებული მსესხებლებისთვის სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 35% უნდა იყოს, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ ყოველთვიური შემოსავალი გაქვთ 1000 ლარი, ყოველთვიური დასაფარი თანხა 350 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. წინა ვარიანტში ეს კოეფიციენტი 20%-ს შეადგენდა. არაჰეჯირებული სესხების შემთხვევაში, ყოველთვიური გადასახადი 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 1 000-დან 2 000 შემოსავალზე 45% უნდა იყოს; 2 000-4 000 ლარის შემოსავლის შემთხვევაში - 55%; 4 000 და უფრო მაღალი შემოსავლის შემთხვევაში სესხის მაქსიმალური კოეფიციენტი 60%-ით განისაზღვრა.
რაც შეეხება არაჰეჯირებულ მსესხებლებს, ამ შემთხვევაში სესხის მაქსიმალური კოეფიციენტი შედარებით დაბალია. ახალი დოკუმენტის მიხედვით, 1000 ლარის ან უფრო ნაკლები შემოსავლის შემთხვევაში სესხის მაქსიმალური კოეფიციენტი 25%-ით განისაზღვრა, 1 000-4 000 ლარის შემთხვევაში - 30%-ით, 4 000 ლარის ან უფრო მეტის შემთხვევაში - 35%-ით.
ამასთან, ჰეჯირებული მსესხებლებისთვის განსაზღვრული კოეფიციენტები გავრცელდება ასევე იმ მსესხებლებზე, რომლებსაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ, ხოლო სესხს იღებენ ლარში.
ცნობისათვის, ჰეჯირებულია მსესხებელი, თუ შემოსავალი აქვს ლარში და სესხსაც ლარში იღებს, არაჰეჯირებული კი, როდესაც შემოსავალი აქვს ლარში, სესხს კი უცხოურ ვალუტაში იღებს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დებულების სამუშაო ვერსია სებ-მა რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა და მისი ამოქმედება სესხის გამცემი ყველა სუბიექტისთვის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან იგეგმებოდა. მოგვიანებით, ეროვნულმა ბანკმა რეგულაციების ამოქმედების თარიღად კომერციულ ბანკებს 1-ლი ნოემბერი დაუწესა, სხვა საფინანსო სექტორს კი 2019 წლის 1-ლი იანვარი. თუმცა კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ „ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ“ ახალი წესი საფინანსო ბაზრის ყველა მოთამაშისთვის 2019 წლის 1-ლი იავრიდან ამოქმედდება.
ქრისტინე გამთენაძე
ელზა წიკლაური