ილონ მასკი ალკოჰოლურ სასმელ „ტესლაკილას“ გამოშვებას აპირებს

მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი ცნობილია იმით, რომ დააარსა ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია „ტესლა“, ასევე მუშაობს კოსმოსურ ტურიზმსა და უსწრაფესი სახმელეთო ტრანსპორტის შექმნაზე და ყოველთვის მოწინავე იდეებით გამოირჩევა. მალე კი ალბათ, ტეკილას ბიზნესშიც ჩაერთვება.

ერთი თვის წინ, მასკმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ „მალე ტესლაკილა გამოვა“. მის პოსტს თან ახლდა სურათი, რომელზეც ახალი სასმელის ლოგო იყო გამოსახული. მას ეწერა, რომ ეს არის 100 პროცენტით აგავას პროდუქტი.

მაგრამ ახლახანს მექსიკის ტეკილას მარეგულირებელმა საბჭომ (CRT) გამოაცხადა, რომ სახელი „ტესლაკილა“ შეიცავს ტეკილას, რაც საკუთრების უფლებით დაცული სიტყვაა და მისი გამოყენება ნებადართული არ არის. CRT-ს წესებით, სახელ ტეკილას ამა თუ იმ ფორმით გამოყენება ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აგავეს მოყვანა-გადამუშავება მექსიკურ შტატებში - გუანახუატოში, ხალისკოში, მიჩოაკანში, ნაიარიტში და ტამაულიპასში ხდება.

მაგრამ კომპანია „ტესლამ“ სახელ „ტესლაკილას“ დასარეგისტრირებლად, აშშ-ის პატენტების და სავაჭრო ნიშნების ოფისს მიმართა. განაცხადში ნათქვამია, რომ სახელ „ტესლაკილას“ გამოყენება, გამოხდილი აგავეს ლიქიორისა და გამოხდილი ლურჯი აგავეს ლიქიორისთვის იგეგმება. იგივე განაცხადები მექსიკაში, ევროკავშირსა და იამაიკაშიც გაიგზავნა.

„თუ განაცხადის ავტორს სურს, რომ მისი ტესლაკილა კონკურენტული პროდუქტი იყოს და ტეკილას ავტორიზებული მწარმოებელი გახდეს, მაშინ გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევს. და მან ავტორიზაციისთვის, მექსიკის ინდუსტრიული საკუთრების ინსტიტუტს უნდა მიმართოს“, - ნათქვამია CRT-ს განცხადებაში.