არჩილ თალაკვაძემ იმის ამსახველი კონკრეტული ციფრები წარმოადგინა, თუ რაში დახარჯა მოქმედმა ხელისუფლებამ წინამორბედზე ორჯერ მეტი ბიუჯეტი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე იმის ამსახველი კონკრეტული ციფრები წარმოადგინა, თუ რაში დახარჯა მოქმედმა ხელისუფლებამ წინამორბედზე ორჯერ მეტი ბიუჯეტი.

“ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება 2012 წლის მონაცემებით 1.8 მილიარდი იყო. 2018 წელს კი ჩვენმა ხელისუფლებამ დაფინანსების გაზრდა 3.5 მილიარდამდე შეძლო. დამატებით, მხოლოდ C ჰეპატიტის პროგრამით, რომლითაც უკვე 60 000-მდე ადამიანმა იმკურნალა, საქართველომ 4.8 მილიარდი დოლარის სიკეთე მიიღო.

განათლების სფეროს დაფინანსება 2012 წლის მონაცემებით 0.62 მილიარდი იყო, 2018 წლისთვის კი ჩვენმა ხელისუფლებამ განათლების სფეროს დაფინანსება 1.18 მილიარდამდე გაზარდა.

2004-12 წლებში ხელისუფლებამ ჯამში 3569 კმ. გზა დააგო, ხოლო 2013-17 წლებში ხელისუფლებამ 5389 კმ. გზა დააგო, რაც წინა პერიოდზე 1.5-ჯერ მეტია.

ენერგეტიკის სფერო - წინა ხელისუფლებამ 2 ელექტროსადგური ააშენა, ხოლო ჩვენი ხელისუფლების პირობებში 21 ელექტროსადგური აშენდა, მათ შორის ქარის და თბოსადგურები.

მრეწველობის საერთო გამოშვება 2012 წლისთვის შეადგენდა 6.4 მილიარდს, 2018 წელს კი 10.7 მილიარდია.

ბიზნეს სექტორის გამოშვება 2012 წლისთვის 23 მილიარდს შეადგენდა, 2018 წელს კი 38 მილიარდია”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.