დედაქალაქში შესაძლოა, რამდენიმე გიგანტური თერმომეტრი გამოჩნდეს - ამ იდეას დედაქალაქის მერს სთავაზობენ. საუბარია, ქალაქის მასშტაბით უფუნქციო ქარხნის საკვამური მილების ნაცვლად თერმომეტრის განთავსებაზე.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ვებგვერდზე 275 მიმდინარე, 223 დაბლოკილი, 465 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 13 იდეა განხილვის პროცესშია, ორი უკვე შეთანხმებული, 1 კი უარყოფილია.
„ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთ იდეას გთავაზობთ, რომელიც ქალაქში უფუნქციო ქარხნის საკვამური მილების გიგანტურ თერმომეტრებად გადაკეთებას გულისხმობს.
„უფუნქციოდ მიტოვებული ძველი ქარხნის საკვამური მილი შესაძლებელია გამოდგეს როგორც დიდი თერმომეტრი, დიოდური ნათურებით. ეს ფუნქციას დაუბრუნებს და იერსახესაც შეუცვლის ძველ ნაგებობას. ასეთი მაგალითები არსებობს მსოფლიოს სხვა და სხვა ქალაქებში. ასეთი ქარხნების მილები ბევრია თბილისში: საბურთალოზე, დიღომში და სხვა,“-აღნიშნულია მოქალაქის იდეაში.
აღნიშნულ იდეაზე ხმის მიცემის ვადა 2019 წლის 12 იანვარს იწურება.