2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 11,2%-ით გაიზარდა და 37.9 მლრდ ლარი შეადგინა

„საქსტატის“ დაზუსტებული მონაცემებით 2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 37 846.6 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 11,2 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა წინა წელთან შედარებით 4,8 პროცენტით განისაზღვრა. ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 6,1 პროცენტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (17,1 პროცენტი) და მრეწველობა (16,7 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,1 პროცენტი), მშენებლობა (9,8 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (8,5 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (8,0 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (7,0 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5,8 პროცენტი).

„ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: მშენებლობა (13,5 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (10,7 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (9,2 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (8,4 პროცენტი),ტრანსპორტი (6,5 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (6,5 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (5,1 პროცენტი), ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი (4,6 პროცენტი). კლება კი შინამეურნეობების მიერ პროდუქციის გადამუშავებისა (-4,5 პროცენტი) და სოფლის მეურნეობის (-3,8 პროცენტი) სექტორებში შეინიშნება,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.