რატომ გაიაფდა ავტომობილები საქართველოში

იძულებით ფასდაკლებული ავტომობილები კი კვლავ მყიდველს ელიან

საქართველოში საავტომობილო ბიზნესს კოლაფსი ემუქრება. რუსთავის ავტობაზრობაზე ხალხის უჩვეულო ნაკლებობაა, იძულებით ფასდაკლებული ავტომობილები კი კვლავ მყიდველს ელიან. ავტოდილერები ფიქრობენ, რომ სერიოზული პრობლემები აზერბაიჯანის მხრიდან შემოღებულმა სტანდარტებმა გამოიწვია, რომლითაც ქვეყანაში 2004 წელზე ადრე გამოშვებული მანქანების შეყვანა იკრძალება. ავტოდილერები იმასაც ამბობენ, რომ ამ შეზღუდვამ პირველ რიგში მათზე იმოქმედა, რადგან ავტომობილების 70% სწორედ აზერბაიჯანში იყიდებოდა. კომპანია "რობანი მოტორსის" დამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე ამბობს, რომ ავტოიმპორტიორებს ავტომანქანების გაყიდვა თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად უწევთ.

ზოგიერთი ავტომანქანის ფასმა 4 000 დოლარითაც დაიკლო. დილერების ინფორმაციით, სულ ავტომობილებზე ფასი დაახლოებით 30%-ით არის შემცირებული. მიუხედავად ფასის ასეთი კლებისა, გია შეყილაძე ავტომანქანის გაყიდვას ვერ ახერხებს. დილერები განმარტავენ, რომ ადგილობრივი მომხმარებლები ამ ბიზნესის მხოლოდ 10%-ს შეადგენენ. შეყილაძე ვარაუდობს, რომ ასე გაგრძელების შემთხვევაში, 32 000 იმპორტიორიდან ძალიან ბევრი საქმიანობას დაასრულებს. დილერები საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანულ მხარესთან გამოსავლის მოძებნისკენ მოუწოდებენ.

ყველაფერ ამას ემატება ბაზრობის გადასახადი, რომელიც დილერებს საკმაოდ მაღალი ეჩვენებათ. ისინი ამ მიმართულებითაც გარკვეული შეღავათების დაწესებას მოითხოვენ.

ამასთან, ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო ერთ წელიწადში ავტომობილების იმპორტი 10%-ით შემცირებულია.

ფასები იკლებს, მყიდველი არ ჩანს, დილერები კი ბიზნესის დასრულებას ვარაუდობენ, შესაბამისად პრობლემა რთულია.

იხილეთ ვიდეო: რატომ გაიაფდა ავტომობილები საქართველოში