დიდი ბრიტანეთის მინისტრი Brexit-ის საკითხებში დომინიკ რააბი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირთან შეთანხმებაზე არსებული უთანხმოებების გამო, თანამდებობიდან გადადგა.
„დღეს მე გადავდექი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხებზე მინისტრის პოსტიდან. სუფთა ნამუსით ვერ დავუჭერ მხარს პირობებს, რომელიც წარდგენილია ევროკავშირთან შეთანხმებაში“, - დაწერა დომინიკ რააბმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
მისივე თქმით, ის მხარს ვერ დაუჭერს აღნიშნულ შეთანხმებას, ვინაიდან „ჩრდილოეთ ირლანდიისთვის შეთავაზებული ნორმატიული რეჟიმი რეალურ საფრთხეს წარმოადგენს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიული მთლიანობისთვის“.
„მე ასევე მხარს ვერ დავუჭერ დროში განუსაზღვრელ შეთანხმებას backstop-ის რეჟიმზე, რომლის თანახმად, ჩვენი ამ შეთანხმებიდან გასვლა შეზღუდული იქნება ევროკავშირის ვეტოს უფლებით“, - განაცხადა დომინიკ რააბმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტმა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შესახებ შეთანხმების პროექტი დაამტკიცა. „მინისტრთა კაბინეტის კოლექტიური გადაწყვეტილება ის არის, რომ მთავრობა უნდა დაეთანხმოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ შეთანხმების პროექტის პირობებს და შესაბამის პოლიტიკურ დეკლარაციას“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.