საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართა.
არჩევნების მეორე ტური კი 28 ნოემბერს არის დანიშნული. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა თანხა დაიხარჯება არჩევნების მეორე ტურისთვის.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის 14 ნოემბრის დადგენილებაშია აღნიშნული, საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის ჩატარებისთვის სახელმწიფოს მიერ 10,583,022 ლარი გამოიყოფა.
აქედან 10,034,572 ლარი არჩევნების ჩატარებას მოხმარდება. არჩევნებისთვის მოხელეთა გადამზადებისთვის 167,000 ლარი დაიხარჯება. ამასთან, დადგენილების თანახმად, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის 381,450 ლარია გათვალისწინებული.
ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნების 1-ლი ტურის ჩატარებისთვის სახელმწიფოს მიერ 42,667,518 ლარი იყო გამოყოფილი. აქედან 32,127,177 ლარი არჩევნების ჩატარებაზე; 1,190,617 ლარი არჩევნებისთვის მოხელეთა გადამზადებაზე; 2,111,674 მილიონი ლარი საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსებაზე იყო გათვალისწინებული. ამასთან, 10 აგვისტოს დადგენილების თანახმად, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის 7,238,050 ლარი უნდა დახარჯულიყო.