საქართველოში ელექტრომობილებზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდია. თუ 4 თვის წინანდელი მონაცემებით, ქვეყანაში თვეში საშუალოდ 10 ელექრომობილი შემოდიოდა, ახლა მათი რაოდენობა 50-დან -70- მდე გაიზარდა.ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია E-space-ის გენერალურმა დირექტორმა სულხან გვალიამ განუცხადა.
მისივე თქმით, შესაბამისად იმატა მოთხოვნამ ელექტროდამტენებზეც და დღეის მდგომარეობით, მათი რაოდენობა 55-ს შეადგენს, წლის ბოლომდე კი კიდევ 5 სწრაფი დამტენი შეემატება.
ელექტროდამტენების დამონტაჟება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ქვეყანაში ელექტრომობილების იმპორტი გაიზარდა. ამ დროისთვის დამტენებით სარგებლობა უფასოა, 2019 წლიდან კი ფასიანი გახდება. რა ეღირება ერთი ავტომანქანის დატენვა, ჯერ-ჯერობით უცნობია.
„ამჟამად საქართველოს მასშტაბით დამონტაჟებული გვაქვს 55 ელექტროდამტენი. რაც შეეხება სწრაფ დამტენებს, მოგეხსნებთ, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთია, თუმცა წლის ბლომდე ჩქაროსნულ გზაზე კიდევ 5 დამონტაჟდება. ახლა მიმდინარეობს ადგილების შესწავლა და მომზადება.
რაც შეეხება ზოგადად მოთხოვნას, ყოველთვე ელექტრომობილების რიცხვი 50-70 მანქანით იზრდება. 2018 წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 1 400-მდე ელექტრომობილია“,-აცხადებს სულხან გვალია.
აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილების პოპულარიზაციით დაინტერესებულია დედაქალაქის მერიც. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, მერია მზად არის მოსახლეობის მიერ შერჩეულ ყველა ლოკაციაზე ელექტროდამტენები დაამონტაჟოს. ამ საკითხთან დაკავშირებით მერიას კონსულტაციები ჰქონდა E-space-თან, თუმცა როგორც გვალია აცხადებს, კომპანია ამ პროცესში ჩართული ჯერჯერობით არ არის.
ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით ელექტროდამტენები უკვე საქართველოს ყველა რეგიონშია.